ორი კვირა და რვა სხვანაირი წასვლა “ქართული ოცნებიდან”.
თავიდან 3, ხოლო 13 დღეში უკვე 8 – ასეთია „ქართული ოცნების“ დატოვების არითმეტიკა. „მეტზე ლაპარაკის“ მსურველთა რიგში, პარლამენტის დეპუტატების სამეულის შემდეგ, რეგიონების საკრებულოების დეპუტატებიც დადგნენ.
– „მგონი ჯობს იმ ხალხს შევუერთდე, ვინც მეტის ლაპარაკს აპირებს“, – 11 ივლისს ამ სიტყვებით გამოეთიშა „ქართული ოცნების“ რიგებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ გოგინაშვილი. 5 მუნიციპალიტეტის საკრებულოებიდან ამ დღეს წასული წარმომადგენლების მსგავსად, გოგინაშვილიც „მეტის თქმას“ აპირებს, მაგრამ როდის და როგორ – უცნობია.
წასვლის შესახებ განცხადებები წერილობით გაკეთდა. ტექსტების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი; დახატულია სურათი, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოს შიდა პროცესებში ერევიან; ისინი და ოპოზიციურად განწყობილი ძალები, მათ შორის – არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს ომში ჩათრევას აპირებენ და “ოცნებიდან” წასული წევრები კი – „თანამოაზრეებთან ერთად“ არავის მისცემენ საშუალებას „კიდევ ერთხელ გახვიონ ჩვენი ქვეყანა ომის ქარცეცხლში“.
კიდევ ერთი, რაზეც მმართველი პარტიიდან წასულები თანხმდებიან – ისინი პარტიისა და ძველი გუნდის ერთგულ გულშემატკივრებად და თანამოაზრეებად რჩებიან.
28 ივნისს „ქართული ოცნება“ დატოვეს უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატებმა – სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა.
11 ივლისს მმართველი პარტიიდან წავიდნენ: ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ღამბაშიძე; ჭიათურის საკრებულოს “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ნიკა სამხარაძე; ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საბა კბილაშვილი; თერჯოლის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე – ომარ ჯიხვაშვილი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ გოგინაშვილი.
არაერთი სხვა ადრინდელი შემთხვევისგან განსხვავებით, პარტიიდან წასვლა ახლა სრულიად უხმაუროდ ხდება. აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელების საქციელს „ქართულ ოცნებაში“ არავინ აკრიტიკებს და ხმამაღალი განსჯის საგანი არც ლაგოდეხის საკრებულოს წარმომადგენლის მოწოდება გამხდარა, რომელმაც დაწერა, რომ მიესალმება, თუკი სხვებიც დატოვებენ მმართველ პარტიას. ის იქვე მიუთითებდა, რომ პროცესი “ქართული ოცნების” ინტერესების დაუზიანებლად უნდა მოხდეს.
“თუ კი ვინმეს, მუნიციპალიტეტებიდან, სურვილი აქვს შემომიერთდეს – მოხარული ვიქნები, თუმცა ისეც არ უნდა ვქნათ, რომ რომელიმე რაიონში ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა დაკარგოს, ამით მხოლოდ ქვეყნის მტრების – ნაცების საქმის გაკეთება გამოგვივა”, – დაწერა ფეისბუკში გიორგი ღამბაშიძემ 11 ივლისს.
პარტიიდან წასულებისა და დარჩენილების პოზიციებს შორის სხვაობას თითქმის საერთოდ ვერ ხედავენ ექსპერტები, რომლებსაც რადიო თავისუფლება ელაპარაკა. ამბობენ ასევე, რომ ჯერჯერობით, წასულებისგან ისეთი ახალი არაფერი მოუსმენიათ, რაც “ქართული ოცნების” ლიდერებს სხვადასხვა დროს არ უთქვამთ.
წასულებსა და დარჩენილებს მსგავსი დამოკიდებულება აქვთ, მაგალითად, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მწვავე რეაქციაც გამოიწვია „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილთან მიმართებით აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებებმა. მან თქვა, რომ ელჩმა დაარღვია დიპლომატიური სტანდარტი და პარლამენტისა და სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა, როცა მიხეილ ყაველაშვილი ტყუილში დაადანაშაულა.
იქამდე ელჩმა თქვა, რომ საქართველოს ომში ჩართვის შესახებ განცხადებები “ეფესბეს სახელმძღვანელოდან აღებული მზაკვრული ნარატივია”. მიხეილ ყაველაშვილმა უპასუხა, რომ ომში ჩართვის ნარატივი არა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურიდან, არამედ აშშ-ის საელჩოსგან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ადამიანებისგან ისმის. ელჩმა დეგნანმა, ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვების საპასუხოდ, განაცხადა, რომ წერილი „სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით“ და „ტყუილია, რომ თითქოს აშშ-ს ან ვინმეს ომისკენ მიჰყავს საქართველო“.
წყარო: radiotavisupleba.ge