ბერძენიშვილის და სამნიძის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ხომასურიძე სასამართლომ გაათავისუფლა

ირაკლი ხომასურიძე, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის, დეპუტატ ხათუნა სამნიძისა და ამავე პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დავით ბერძენიშვილის საქმეზე არის ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაათავისუფლა. როგორც სასამართლოს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, პირადი თავდებობით შეუცვალეს.

ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ ირაკლი ხომასურიძეს თავდებში 205 ადამიანი დაუდგა, თუმცა მის გათავისუფლებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა თავად დაზარალებულების – დავით ბერძენიშვილისა და ხათუნა სამნიძის – პოზიციას. ისინი თანახმა იყვნენ, რომ ირაკლი ხომასურიძე გათავისუფლებულიყო.

საქმის არსებითი განხილვა მოგვიანებით დაინიშნება.

6 ივნისს ხათუნა სამნიძეს და დავით ბერძენიშვილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ. პოლიციამ ირაკლი ხომასურიძე ადგილზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

ირაკლი ხომასურიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ივნისს შეუფარდა.

ბრალდებულმა 8 ივნისს, სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ ინციდენტი დავით ბერძენიშვილის ძმის, „რესპუბლიკური პარტიის” დამფუძნებლის, ლევან ბერძენიშვილის მიერ მეფე ერეკლე მეორეზე გამოთქმული მოსაზრების გამო დაიწყო.

წყარო: sarkenews.ge