„მთავარი არხის“ ჟურნალისტების ფარული მოსმენის საქმეზე გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ დაიწყო გამოძიება „მთავარი არხის“ ჟურნალისტების ფარული მოსმენის საქმეზე.

უწყების თანახმად, გამოძიება „კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო“.

სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ეს მუხლი გულისხმობს „კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში ან სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემის ან ამგვარი მონაცემის მატარებელი ელექტრომაგნიტური ტალღების უნებართვო მოპოვებას ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ შენახვას“.

მუხლი ითვალისწინებს სასჯელს ჯარიმის სახით, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4 წლამდე.

„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამშრომელთა შორის გამართული კერძო საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით“, – აცხადებენ უწყებაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ „ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს“.


13 ივლისს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ტელეწამყვანმა, „აი უცნობის“ დამფუძნებელმა, გიორგი გაჩეჩილაძემ (სასცენო სახელით „უცნობმა“) გაავრცელა ჩანაწერი, რომელიც ასახავს „მთავარი არხის“ ერთ-ერთი გადაცემის სარედაქციო ჯგუფის საუბარს.

ჩანაწერში ასახულია გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ დაგეგმვის პროცესი, სადაც მედიის ოთხი წარმომადგენელია ჩართული.

კერძოდ, აუდიოჩანაწერი ასახავს თათბირს ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას, გადაცემის პროდიუსერ ეკა სარიასა და ჟურნალისტებს, ლაშა კვესელაძესა და გიორგი გვიშიანს შორის.

„მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაეწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით.

ვრცლად ამ თემაზე: