ევროკავშირის საბჭომ ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.
ევროკავშირის საბჭომ ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არის დასავლეთ ბალკანეთის ევროინტეგრაციის გზაზე გადადგული მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
„ევროკავშირი საბჭო, ჩეხეთის ხელმძღვანელობით, ახლახან შეთანხმდა, დაიწყოს მოლაპარაკებები ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ჩვენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირთან დასავლეთ ბალკანეთის დასაახლოებლად. ეს ჩვენი თავმჯდომარეობის დიდი წარმატებაა“, -წერს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი.
დღეს დაგეგმილია ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის ალბანელ და ჩრდილოეთ მაკედონიელ ლიდერებთან, ედი რამასთან და დიმიტარ კოვაჩევსკისთან შეხვედრა.
16 ივლისს ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის დეპუტატებმა მიიღეს საფრანგეთის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს ბულგარეთთან დავის მოგვარებას და ამ გზით ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებისთვის შესაბამისი გზის მომზადებას. შეთანხმება ითვალისწინებს ჩრდილოეთ მაკედონიის კონსტიტუციაში ბულგარელი უმცირესობის აღიარებას, ხოლო სხვა დანარჩენი საკითხები სკოპიესა და სოფიას შორის განიხილება. წინადადება არ მოსთხოვს ბულგარეთს მაკედონიური ენის აღიარებას. სანაცვლოდ, ბულგარეთი ჩრდილოეთ მაკედონიას მისცემს უფლებას, რომ ოფიციალურმა სკოპიემ დაიწყოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები. ჩრდილოეთ მაკედონია, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა, 17 წელია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, მაგრამ გაერთიანებაში შესვლაზე მოლაპარაკებების დაწყება ჯერ საბერძნეთმა, ხოლო შემდეგ კი, ბულგარეთმა დაბლოკეს. რაც შეეხება ალბანეთს, მისი ევროინტეგრაციის პროცესი ჩრდილოეთ მაკედონიის ევროინტეგრაციასთან არის მიბმული.
The @EUCouncil led by @EU2022_CZ has just agreed to open accession talks with Albania and North Macedonia!
We have taken another important step towards bringing the Western Balkans closer to the EU. It's a great success of our Presidency.
— Petr Fiala (@P_Fiala) July 18, 2022
წყარო: ptn.ge