“საქართველოში ჩამოდის ევროპარლამენტარების დელეგაცია” – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი – საქართველოში ჩამოდის ევროპარლამენტარების დელეგაცია, ამ დროს ხდება წარმოუდგენელი რამ, ერთდროულად ბრიუსელსა და ვაშინგტონში პრესსპიკერები გვეუბნებიან, რომ ისწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეთ.

საქართველოში ჩამოდის ევროპარლამენტარების დელეგაცია – სწორედ იმ კომიტეტის, რომელიც საქართველოზე მუშაობს. ამ დროს ხდება წარმოუდგენელი რამ, ერთდროულად ბრიუსელსა და ვაშინგტონში პრესსპიკერები გვეუბნებიან, რომ ისწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გადაცემაში „დღის თემაში“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

„დღეს ევროპარლამენტის დელეგაცია იმყოფება საქართველოში. ეს არის გაგრძელება იმ ძალიან დიდი ნაბიჯის, რომელიც გადაიდგა ჩვენ მიმართ – ევროპულმა საბჭომ მოგვანიჭა ევროპული პერსპექტივა, რასაც არ ვაფასებთ იმ დონეზე, როგორც არის დასაფასებელი. ექვსი თვე გვაქვს მოცემული, ასე იყო ნათქვამი – თუ შევასრულებთ 12 პუნქტს, მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. ამ პროცესში ჩამოდის ევროპარლამენტარების დელეგაცია, სწორედ იმ კომიტეტის, რომელიც საქართველოზე და საგარეო საკითხებზე მუშაობს. ამ დროს ხდება წარმოუდგენელი რამ, რომ ერთდროულად ბრიუსელსა და ვაშინგტონში პრესსპიკერები გვეუბნებიან, რომ ისწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეთ.

მე არ ვიცი, სადამდე უნდა გავაგრძელოთ ეს რაღაც ორმაგი თამაში, რომ ვითომც გვინდა ევროკავშირისკენ სიარული, გვინდა ის, რასაც კანდიდატის სტატუსი ჰქვია; გვინდა, რომ მივიღოთ, რაც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს. ამ დროს არათუ არ ვაკეთებთ იმას, რაც გასაკეთებელია, 12 პუნქტი. ჯერ არ ჩანს, რომ ყველა ძალა მზად იყი ამისთვის, მაგრამ ამავე დროს არათუ არ ვაკეთებთ ამას, არამედ საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვდგამთ, ​დაწყებული შარლ მიშელის დოკუმენტის გადაგდებით, ანულირებული ყოველი ნაბიჯით, რომელიც იქნა გადადგმული ერთი წლის განმავლობაში, დამთავრებული კრედიტზე უარის თქმით საკმაოდ უხეშად.

მთელი რიგი ნაბიჯები, იმ საკითხებში, სადაც გველოდებიან, რომ მიღებული იყოს სხვა გადაწყვეტილებები – სასამართლოს დაკომპლექტება ნაჩქარევი წესით, ინსპექტორის გაუქმება, ესეც ნაჩქარევი წესით. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადადგმულ იქნა ბოლო წელს, არის ნაბიჯები, რომელიც ფასდება უარყოფითად ევროკავშირის მხრიდან. და ამასთან ერთად, არის წარმოუდგენელი რიტორიკა, ანუ გვესმის გაუთავებელი თავდასხმები ევროპარლამენტარებზე” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, „ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე“.

– “დღესაც როცა ვუყურებთ, რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში და არის იქ ვნებათაღელვა, საქართველოს არ ეხება?” – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

წყარო: 1tv.ge