საუბარი, თითქოს ჩვენ მუშაობას ვაკლებთ, რომ საქართველოს ინტერესები იყოს დაცული, არ ემსახურება ქვეყნის ინტერესს

მაკა ბოჭორიშვილი – საუბარი, თითქოს ჩვენ მუშაობას ვაკლებთ, რომ საქართველოს ინტერესები იყოს დაცული, არ ემსახურება ქვეყნის ინტერესს.

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები რუსეთთან დაკავშირებით საქართველოს ინტერესებს აზიანებს.

მაკა ბოჭორიშვილმა შეაფასა საქართველოს პირველი არხისთვის პრეზიდენტის მიერ მიცემული ინტერვიუ.

„მიმაჩნია, რომ მსგავსი განცხადებები დამაზიანებელია საქართველოს ინტერესებისთვის. საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმ ფორმატებში, სადაც ეს შესაძლებელია. საუბარი, რომ ჩვენ მუშაობას ვაკლებთ, რომ საქართველოს ინტერესები იყოს დაცული, არ ემსახურება ქვეყნის ინტერესს. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე პარტნიორებთან მუდმივად ვმუშაობთ“ – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა: „მგონი, ჩვენი საზოგადოებისთვის გაუგებარია, საით მივდივართ, რუსეთს ვუფრთხილდებით, როგორც არასდროს, „ვაიმე, არაფერი ვთქვათ“, „ვაიმე, არ ვაწყენინოთ“. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე“.

წყარო: 1tv.ge