რა მოუვა თქვენს ორგანიზმს, თუ კედლებს ტყვიის შემცველი საღებავით შეღებავთ!?
ტყვია მძიმე მეტალთა ჯგუფს ეკუთვნის. NCDC-ის განმარტებით, იგი სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ტყვია განსაკუთრებით საშიშია ბავშვის ორგანიზმისათვის როგორც მუცლად ყოფნის პერიოდში, ასევე დაბადების შემდგომ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ტყვიით მოწამვლის შემთხვევები მთელ მსოფლიოში აღინიშნება. ტყვიის ექსპოზიციაზე მოდის დაავადებათა საერთო მოცულობის 1%. განვითარებად ქვეყნებში ბავშვებში აღრიცხული გონებრივი ჩამორჩენილობის 15-20% ტყვიის ექსპოზიციას უკავშირდება. ცნობილია, რომ ბავშვთა ჯანმრთელობისათვის მავნეა ტყვიის ნებისმიერი დონის ექსპოზიცია. პრობლემა იმდენად მწვავეა, რომ ყოველი წლის ოქტომბერში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ტყვიის შემცველი საღებავების ელიმინაციის გლობალური ალიანსის ინიციატივით, ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეული აღინიშნება.
საქართველოში ტყვიით მოწამვლაზე კვლევა 2019 წელს ჩატარდა. გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, საქართველოში სისხლში ტყვიის შემცველობის მომატება გამოკვლეული ბავშვების 41%-ში დაფიქსირდა. ყველაზე მძიმე მდგომარეობა აჭარაშია – აქ გამოკვლეული ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა.
სპეციალისტების განმარტებით, ტყვიას ძირითადად ძველი საღებავები შეიცავს. დღესაც იწარმოება ტყვიის შემცველი საღებავები, თუმცა მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, სანდო კომპანიები მას აღარ აწარმოებენ. სწორედ ამიტომ, სანამ საღებავის ფერს შეარჩევთ, ყურადღება მიაქციეთ მის მწარმოებელ ბრენდსა და შემადგენლობას.
საქართველოში არ არსებობს კანონი, რომელიც საღებავში ტყვიის შემადგენლობას გააკონტროლებს. მხოლოდ ტარდება კამპანიები, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია, რომ ტყვია სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, საღებავში მისი შემადგენლობის საკითხი კი მოქალაქემ თავად უნდა გაარკვიოს.
მნიშვნელოვანია, რომ წლიდან წლამდე შემცირდეს ბაზარზე ტყვიის შემცველი საღებავების გაყიდვისა და მოხმარების წილი. რისკები კარგად უნდა გაითავისონ როგორც მწარმოებლებმა, ისე მომხმარებლებმა. კვლევით დადგენილია, რომ თუ დროულად მოხდება ტყვიის შემცველი საღებავების სრული აღმოფხვრა, მნიშვნელოვნად შემცირდება საშიში ქიმიური ნივთიერებებითა და დაბინძურებული ჰაერით, წყლით და ნიადაგით გამოწვეული დაავადებებისა და სიკვდილის შემთხვევები.
როდესაც კედლებისა თუ სახლის, ასევე ავეჯის შესაღებად ტყვიის შემცველი საღებავია გამოყენებული და თქვენ თუ თქვენი შვილი აღნიშნულ სივრცეში დიდ დროს ატარებთ, შეიძლება მოწამვლა განვითარდეს. ამ პროცესში შეიძლება გამოვლინდეს განვითარების ეტაპების, განსაკუთრებით, ფსიქომოტორული განვითარების, დასწავლის უნარების შეფერხება. ზრდასრულ ასაკში კი ტყვიით მოწამვლა იწვევს ადვილად დაღლას, ყურადღების დეფიციტს, ჰიპერაქტიურ სინდრომს.
ეს არის ქრონიკული პროცესი, რომელსაც თავისი მიმდინარეობა და სტადიები აქვს. ტყვიით მოწამვლის დასადგენად საჭიროა გაკეთდეს სისხლის ანალიზი ტყვიის შემცველობაზე, თუმცა ორგანიზმში დიდი რაოდენობით ტყვიის დაგროვების დროს სხვადასხვა სიმპტომი ჩნდება. ბავშვებში შეუძლია გამოიწვიოს სწავლის პროცესის შეფერხება და ქცევითი აშლილობები.
ტყვიით მოწამვლის მაჩვენებელი 50 მიკროგრამ / დეცილიტრზე მაღალი როდესაცაა, შესაძლოა ხელაციური მკურნალობა დაინიშნოს. ეს ნიშნავს, რომ პაციენტს დაენიშნება პრეპარატი, რომელიც ორგანიზმიდან ტყვიას გამოაძევებს. თუ დიაგნოზი დროულად დაისვა და მკურნალობა ჩატარდა, რიგ შემთხვევაში შედეგი შესაძლოა მივიღოთ. თუმცა თუ ცენტრალური ნერვული სისტემა უკვე დაზიანდა ან ტყვია ჩალაგდა ძვალში, სხვადასხვა ქსოვილში, ღვიძლში, ელენთაში, მაშინ მისი გამოდევნა ძალიან ძნელია.
წყარო: mkurnali.ge