რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, მოსკოვმა უკრაინის შეიარაღებული ძალების 92 წარმომადგენელს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მუხლით ბრალი წარუდგინა.
ალექსანდრე ბასტრიკინმა ერთ-ერთ რუსულ სახელმწიფო მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთში სისხლის სამართლის 1300-ზე მეტი საქმის გამოძიება დაიწყო.
მისი თქმით, იძებნება 96 ადამიანი, მათ შორის 51 მეთაური.
„უკრაინელები ჩართულნი იყვნენ დანაშაულში კაცობრიობის მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ“, – განაცხადა ბასტრიკინმა.
თავის მხრივ, უკრაინა 21 000-ზე მეტ სამხედრო დანაშაულს იძიებს, რომელიც სავარაუდოდ, რუსული ძალების მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ იქნა ჩადენილი. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ (ICC) უკრაინაში გამომძიებლებისა და სასამართლო ექსპერტიზის ჯგუფი გაგზავნა.