მინდა შევაჯამო პირველი და მეორე კენჭისყრის შედეგები და ვითარება, რომელიც ჩვენ გვქონდა. ეს იყო წყალგამყოფი, სადაც გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა. ასრულებს დადებულ პირობას და მზად არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის გადადგას მომდევნო ნაბიჯები და ერთგულია დემოკრატიული პრინციპების, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს.
„ეს იყო წყალგამყოფი, სადაც გამოჩნდა განსხვავება ძველ და ახლა ოპოზიციას შორის. გამოჩნდნენ ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები პარლამენტში, რომელთაც მკაფიოდ გამოხატეს თავისი პასუხისმგებლობა და მხარდაჭერა დემოკრატიული ცვლილებების მიმართ და მე ვფიქრობ, ეს არის დასაფასებელი. ის პოლიტიკური ძალები, რომელთაც ვერ აიღე პასუხისმგებლობა იმაზეც კი, რასაც დაპირდნენ საზოგადოებას, რაზეც შედგა შეთანხმება და ხელი მოაწერეს, ბუნებრივია არ არიან მზად და ვერ შეძლებენ მომავალშიც, ვერანაირი პასუხისმგებლობის აღებას,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს დღეს პარლამენტი მესამე მოსმენით დაამტკიცებს. ნაციონალური მოძრაობა და „ევროპული საქართველო“ კენჭისყრაში მონაწილეობას ისევ არ აპირებენ, რადგან გიორგი რურუა კვლავ დაპატიმრებულია. რაც შეეხება ფრაქცია „დამოუკიდებელ დეპუტატებს“, ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ აღნიშნულ პროექტს. ექნება თუ არა ქვეყანას ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც მაჟორიტარულ ოლქებს 73-დან 30-მდე შეამცირებს, სწორედ დღეს გაირკვევა. კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.
“იმედინიუსი”