„უცხო ქვეყნის მოქალაქე არახამიას უღირსი განცხადება არის არა მხოლოდ ირაკლი კობახიძის, არამედ ჩვენი საზოგადოების ეროვნული ინტერესების შეურაცხყოფაც. პარტიული ტელევიზიის ჟურნალისტები კი წინასწარ დაგეგმილი სცენარით აგრძელებენ ამ აბსურდული და ღირსების შემლახველი განცხადების მტკიცებით ფორმაში ტირაჟირებას“,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„საბოლოოდ, ყველაფერი ნათელია: რადიკალური და ანტიეროვნული ოპოზიციური ჯგუფი, პარტიული ტელევიზიებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქე არახამიას მეშვეობით, უღირსი მეთოდებით ებრძვის ეროვნული მოძრაობის წევრის შვილს, რომლის სახელიც დაკავშირებულია ეროვნულ ინტერესებზე აგებულ კონსტიტუციასთან და ქართული საქმის კეთებასთან. „ქართული ოცნების“ გუნდი, სწორედ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ბოლომდე დაიცავს ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს!“ – წერს ოხანაშვილი.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტმა უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომ დავით არახამიამ გუშინდელ ინტერვიუში ისიც ახსენა და ჰკითხა „კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“