„ჩვენ დავსვით კითხვა ომის შემდეგ პერიოდში იყო თუ არა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბატონ ბიძინას შორის. კელი დეგნანმა, როგორც სხვა კითხვებზე, ამ კითხვაზე პასუხსაც თავი აარიდა. დაგვრჩა მხოლოდ ის, რომ ბატონ ბიძინას ვთხოვოთ, დააფიქსიროს პოზიცია, იყო თუ არა ასეთი შეხვედრა და თუ იყო, რა შინაარსის საუბარი შედგა მათ შორის. ჩვენ მოლოდინი გვქონდა, რომ ამერიკის ელჩი გამოეხმაურებოდა და ამ კითხვაზე გასცემდა პასუხს, მაგრამ ჩვენი მოლოდინი გაცრუვდა. ოპტიმისტური განწყობა გვაქვს ბატონი ბიძინას მხრიდან, მისი ხასიათიდან გამომდინარე, რამეთუ ის არასდროს არიდებს თავს საკითხებს, რომელიც ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოებას ეხება“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, კითხვების დასმა არ არის თავდასხმა, ეს არის დასავლური ღირებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი.
„კითხვის დასმა, ვფიქრობ, არ არის თავდასხმა, ეს არის დასავლური ღირებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი. როგორც ამერიკაში და ევროპაში, კითხვები ისმება და პასუხს სცემენ, ასე რომ, საქართველოში დასმული კითხვებიც არ უნდა იქნას აღქმული თავდასხმად და ამ კითხვებს სჭირდება პასუხი. ის, რაც მიუღებელია ამერიკაში, მაგალითად, ის, რომ ხელისუფლება იცვლებოდეს ხელოვნურად, რევოლუციური სცენარების გზით, ის მიუღებელია საქართველოშიც. სასამართლოს გადაწყვეტილებების რევიზია არ უნდა ხდებოდეს საელჩოებში, მსგავსი რამ, ვფიქრობ, არ ხდება არც ამერიკაში და არც ევროპაში, ეს არ უნდა ხდებოდეს საქართველოში. ვფიქრობ, ახლა პოლიტიკური კეკლუცის დრო არ არის. ჩვენ დავასრულეთ უფროსი ძმის უმცროსთან ურთიერთობა. ეს ძალიან მწარედ გვახსოვს რუსეთთან ურთიერთობაში. შემოთავაზებული სახეცვლილი დასავლური ურთიერთობები ორმხრივ თანამშრომლობას აზიანებს და ხელს აძლევს მხოლოდ რუსეთს. ასე რომ ეს არ არის ანტიდასავლური, ეს არის ანტირუსული მსჯელობა და ვფიქრობ, უპირველესად ემსახურება ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებას, რაც დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.