კანადაში, სასკაჩევანის პროვინციაში დანით თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

კანადაში, სასკაჩევანის პროვინციაში დანით თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

კანადაში, სასკაჩევანის პროვინციაში მოქალაქეებზე დანით თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ კანადის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. 31 წლის დამიენ სანდერსონის ცხედარი იმ რაიონში იპოვეს, სადაც რამდენიმე მსხვერპლი ცხოვრობდა. მეორე ეჭვმიტანილს – მაილს სანდერსონს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილები ძმები იყვნენ.

5 სექტემბერს სასკაჩევანის პროვინციაში ცივი იარაღით თავდასხმების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 18 კი, დაშავდა. თავდასხმები 13 სხვადასხვა ადგილზე მოხდა.

როგორც პოლიციაში განაცხადეს, ეჭვმიტანილი დამიენ სანდერსონის ცხედარი ბალახიან ადგილას აღმოაჩინეს, ერთ-ერთ სახლთან, სადაც სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ცხედარს დაზიანებები აღენიშნება და პოლიცია თვითმკვლელობას გამორიცხავს.

პოლიცია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან დამიენის ძმა, მაილსი ამ დრომდე თავისუფალია. სამართალდამცველების ცნობით, ის შესაძლოა, დაშავებული იყოს და სამედიცინო დაწესებულებას მიმართოს. ამასთან, გამოძიება არ აკონკრეტებს, არის თუ არა ის პასუხისმგებელი ძმის მკვლელობაზე.

მაილს სანდერსონს არაერთი სასჯელი აქვს მოხდილი ფიზიკური პირებისა და საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის.

წყარო: ptn.ge