„დეზინფორმაციაა, რომ აშშ ომისკენ გვიბიძგებს, ძალიან ნათელია, საიდან იღებს ეს სათავეს“ – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას“ მონაწილეებს უმასპინძლა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინისადმი მიძღვნილი ეს კონფერენცია საქართველოში ტარდება, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ უკრაინისა და საქართველოს ბედი თავიანთი ისტორიით მჭიდროდაა დაკავშირებული ისტორიით, რომელიც, შესაძლოა, არ აგვირჩევია, მაგრამ ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში, იგივე ეპიზოდები განვლეთ.

ჩვენ გავიარეთ გზა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნიდან [რაც ჩვენი ერების არჩევანი არ ყოფილა] პირველ დამოუკიდებლობამდე, რაც ჩვენი ქვეყნებისათვის მცირეხნიანი აღმოჩნდა, შემდეგ ისევ ძალისმიერი მეთოდებით საბჭოთა კავშირთან შეერთება, და ამ ძალიან რთული რეპრესიების პერიოდმა უკრაინასა და საქართველოში სხვადასხვა ფორმა მიიღო: (თუმცა ძირითადად ერთი და იგივე იყო) ადამიანის უფლებების ჩახშობა, ეროვნული იდენტობის ჩახშობა, ჩვენი ენების ჩახშობის მცდელობა (და ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ამან საბოლოოდ არ იმუშავა).

ამ ყველაფერმა კიდევ უფრო ახლო კავშირები ჩამოაყალიბა და რა თქმა უნდა, 1991 წელს მეორე დამოუკიდებლობის მოპოვებისას, ჩვენი ქვეყნები ერთსა და იმავე გზას დაადგნენ – ევროპული ინტეგრაციის, დემოკრატიის, დამოუკიდებლობის კონსოლიდაციის, ინსტიტუტების კონსოლიდაციის გზას. ეს ძალიან რთული გზაა, რადგანაც საბჭოთა წარსული არაა ის, რომელსაც ასე მარტივად მოიშორებ – ეს ისაა, რაც გგონია, რომ შესაძლოა, მოიშორე, მაგრამ მოულოდნელად უეცრად ბრუნდება ისე, როგორც დღეს ვხედავთ, როდესაც ვიღებთ კანონებს, რომლებიც გარკვეულწილად აფართოებს მოსმენებს. ეს არაა ევროპული მიმართულება, ეს წარსულის რაღაც გამეორებაა, სადაც ვფიქრობთ, რომ ამას შეუძლია ჩვენი მმართველობის გაუმჯობესება. საბოლოო ჯამში, ეს არ აუმჯობესებს ჩვენს მმართველობას და ეს ისაა, რასაც ჩვენ, შესაძლოა, ძალიან გვიან ვიგებთ.

ამ გამოცდილებებმა ჩვენს ხალხს შორის არსებულ კავშირები უფრო გააძლიერა. ეს კავშირები ძალიან ძლიერია და მათზეა დაფუძნებული ეს ძლიერი სოლიდარობა, რომელსაც დღეს ვხედავთ თქვენი ქვეყნისთვის ამ ძალიან რთულ პერიოდში და რომელიც ქართველმა ხალხმა გამოხატა და კვლავ გამოხატავს.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ქვეყნების ისტორიის ამ ეტაპზე ცხადია, რომ უკრაინამ რუსული აგრესიის წინააღმდეგ წარმოებული ამ ძალზე მამაცი და მტკიცე ბრძოლით, ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა. შესაძლოა, ჯერ ყველას არ შეუძლია ამის დანახვა, მაგრამ ეს რეალობა სულ სხვაა.

პარადოქსია, რომ 1921 წლის 25 თებერვალს მოხდა რუსეთის შემოჭრა თბილისში (აქ არ ვთვლი ძველ დროებს) და 2022 წლის 24 თებერვალს დასრულდა საუკუნოვანი საბჭოთა ოკუპაცია, დასრულდა ის საბჭოთა კავშირი, თუნდაც დღევანდელი რუსეთი და მსოფლიოს ზოგიერთი კუთხე ამას ჯერ ვერ იაზრებდეს. სინამდვილეში, უკრაინელი ხალხის ბრძოლამ უკვე სრულებით შეცვალა მსოფლიო გეოპოლიტიკა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

რუსეთი აღარ არის უძლეველი და როგორიც არ უნდა ყოფილიყო მისი უძლეველობის პრეტენზია, ის დასრულდა, როცა უფრო პატარა, მაგრამ ბევრად უფრო მტკიცე ერმა მსოფლიოს აჩვენა, რომ წინააღმდეგობის გაწევა შესაძლებელია, რომ ის არ ეთანხმება ოკუპაციას, არ ეთანხმება მის ტერიტორიებზე შეჭრას და ამ წინააღმდეგობამ აჩვენა, რომ მას შეუძლია უფრო ძლიერის, უფრო დიდის, უკეთ აღჭურვილს (როგორც ეს გვეგონა და შეიძლება არც ეს იყო სიმართლე) დაძლევა.

რუსეთს მოუწია აღმოეჩინა, რომ მას არამხოლოდ არ შეუძლია რომ ნატოს გაფართოებას შეეწინააღმდეგოს, არამედ ის ამ პროცესს (ნატოს გაფართოებას) ასაზრდოებს. ეს ისაა, რასაც შვედეთისა და ფინეთის შემთხვევებში ვხედავთ, რასაც ბევრი ჩვენგანი (თუნდაც ჩვენ სპეციალისტები და სტრატეგები ვიყოთ) არ ელოდა.

ის [რუსეთი] ვერ ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაფართოებას. ამან გააჩინა და დააჩქარა ევროკავშირის გაფართოების ის პერსპექტივები, რაც მანამდე მოსალოდნელი არ იყო და რამაც შეუძლებელი გახადა ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის წინააღმდეგობა. ეს ის პროცესია, რომელიც კიდევ გაგრძელდება.

რუსეთმა ისიც მოახერხა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები გამხდარიყვნენ უფრო თავდაჯერებულები და ნაკლებად მზად რუსეთისგან ყველაფრის მისაღებად. ამან, რა თქმა უნდა, გააძლიერა ის, რაც აქამდე არსებობდა, თუმცა უფრო ნათელი გახადა რუსეთის დღევანდელი იზოლაციის გამო, ამ რეგიონის ცენტრალური, გადამწყვეტი როლი. ეს ეკონომიკური იზოლაცია ერთ, ან ორ დღეს არ გაგრძელდება, თუნდაც რუსეთი, საქართველოს, ან ყირიმის წინა გამოცდილებიდან გამომდინარე ფიქრობდეს, რომ ეს ყველაფერი მალე ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება, ეს სიმართლეს აღარ შეესაბამება და ძალიან ნათელია, როცა ევროპული ინსტიტუტების ლიდერები და წევრი ქვეყნებიც მტკიცედ საუბრობენ.

ასე რომ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, შევაფასოთ ეს ცვლილებები (ჩვენთვის, საქართველოსთვის) გავიაზროთ და ვნახოთ, რომ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ცვალებად დროში – ერთობა და მათ მიმართ სოლიდარობაა, ვინც იგივე ღირებულებებს იზიარებს. ეს არის ის, რაც ჩვენ ვნახეთ, რასაც ახლა ვხედავთ: უფრო მჭიდრო კავშირები თვითონ ევროპელებს შორის, ევროპელებსა და აშშ-ს შორის.

რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიცნობდეთ ჩვენს მეგობრებს: ისინი, ვინც დასაწყისიდანვე მხარს უჭერდნენ ჩვენს გზას; ისინი, ვინც იმ რეფორმების გატარებაში დაგვეხმარნენ, რომლებსაც ახლაც ვაგრძელებთ; ისინი, ვინც იმ ინსტიტუტების განვითარებაში დაგვეხმარნენ, რომლებზეც ჩვენს თავს ახლა ვაფუძნებთ.

რა თქმა უნდა, რუსეთი შეეცდება ამ რეალობას დაუპირისპირდეს. ეს ძალიან ძველი, საბჭოთა ფენომენია, რომელიც შავს თეთრად წარმოაჩენს და თეთრს შავად, ყალბი რეალობა და დეზინფორმაცია. ვხედავთ ჩვენი დარწმუნების მცდელობებს და სხვადასხვა ახალი ამბების, ჭორების ან თუნდაც განცხადებების გავრცელების მცდელობებს, რომ საქართველო და უკრაინა შეიძლება არც თუ ისე მეგობრულები იყვნენ ერთმანეთის მიმართ. უნდობლობის დათესვა რუსეთის მოქმედების ერთ-ერთი საყვარელი გზაა.

კიდევ ერთი [დეზინფორმაციაა] ის, რომ აშშ არაა საქართველოს მშვიდობის, დემოკრატიის, უსაფრთხოების მხარდამჭერი და ჩვენი დამხმარე თავდაცვის ამაღლებაში, არამედ პირიქით, ის ომისკენ გვიბიძგებს. ეს წარმოუდგენელი მანიპულაცია და დეზინფორმაციაა. მე არ ვამბობ, რომ ამას ზოგიერთი ქართველი არ იმეორებს, დეზინფორმაცია ასე მუშაობს – არსებობს რამდენიმე გამტარი, რისი გამოყენებაც შეიძლება. და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დესტრუქციულია და მე ვამბობ და ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი მკაფიო უნდა ვიყოთ.

თქვენ არ გჭირდებათ თავის დაცვა, რადგან დღეს წარმოუდგენელია, ვინმემ თქვას, რომ აშშ, რომელსაც არასოდეს შეუხედავს საქართველოს ტერიტორიის არცერთ სანტიმეტრისთვის, ომის გავრცელებას და მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს. რუსეთი კი, რომელმაც ჩვენი გამოცდილებით, ჩვენი ტერიტორიები დაიკავა, და სხვადასხვა დროს, პრაქტიკულად ყველა მეზობელთან შეიჭრა, თითქოს არაფერზე არაა პასუხისმგებელი.

ასე რომ, მეორე ფრონტის ამ იდეას კატეგორიულად უნდა დავუპირისპირდეთ. ეს [დეზინფორმაცია] ძალიან დესტრუქციულია, რადგან მიმართულია ოკუპირებულ ტერიტორიების, იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისა და მათი დე ფაქტო ხელისუფლებისაკენ, ეს არის მცდელობა იქ გარკვეული შიში გავრცელდეს იმის შესახებ, თუ რას შეიძლება აკეთებდეს საქართველო, მაშინ, როცა ჩვენი პოლიტიკა ამ ტერიტორიების მიმართ ძალიან მკაფიოა – ისინი ჩვენია, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და რაც ჩვენ გვსურს, ამ მოქალაქეების კვლავ გაერთიანებაა, ჩვენ არ გვინდა ტერიტორიების ომით შემოერთება, ჩვენ გვინდა ერთიანი საქართველო, რომელიც გაერთიანებული იქნება კოლექტიური გადაწყვეტილებით, და ეს ჩვენი მტკიცე პოლიტიკაა.

იგივეა ევროკავშირთან მიმართებითაც. დაყოფის ეს მცდელობები ასევე ფოკუსირებულია ევროკავშირზე და ქვეტონია, რომ ევროკავშირის რეფორმები გამიზნულია არა ძლიერი და უფრო დემოკრატიული საქართველოს შექმნის, განვითარებისა და დახმარებისათვის, არამედ, მათი გამოყენება შესაძლებელია საქართველოსა და მისი მთავრობის დესტაბილიზაციისთვის.

ძალიან ნათელია საიდან იღებს ეს სათავეს. ეს კიდევ ერთი კარგი მაგალითია იმისა, რომ როცა რუსეთი სამხედრო აგრესიით პირდაპირ არ ოპერირებს, მაშინ ის დეზინფორმაციის მეშვეობით მოქმედებს. ეს ყველამ უნდა იცოდეს, რადგან, სხვადასხვა სახით რუსული დეზინფორმაცია ასევე, თავს იჩენს ევროკავშირის სხვადასხვა ნაწილში, ჩვენ ვნახეთ გარკვეული გამოვლინებები თუ, როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს ამ დეზინფორმაციამ სხვადასხვა ქვეყნის შიდა სტაბილურობასა და შიდა პოლიტიკაზე.

დიდი განსხვავება ევროკავშირის ზოგ ქვეყანასა და ჩვენს შორის ისაა, რომ ჩვენ [ევროკავშირის] გარეთ ვართ, ისინი კი შიგნით, შიგნით დაცულ ხარ, ჩვენ არ ვართ დაცულნი და ჩვენ ჩვენი თავი უნდა დავიცვათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ცენტრალური პრიორიტეტია.

ასე რომ, ამ ყველაფრის ძალიან მკაფიო გაკვეთილი არის მხოლოდ ამის მუდმივად გამეორება ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ მათ უნდა დავუჭიროთ მხარი დეზინფორმაციის იმ ძალიან დესტრუქციული ასპექტის წინააღმდეგ, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანაში პერსპექტივა არ არსებობს. ამას ჩვენ, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში ვხედავთ, რომლებსაც ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში წასვლა სურთ.

ძალიან შავ-თეთრი იქნებოდა იმის თქმა, რომ პერსპექტივის ნაკლებობა მხოლოდ რუსული დეზინფორმაციაა. რა თქმა უნდა, არის ეკონომიკური და სოციალური პრობლემები და ის, რომ ქვეყანაში საკმარის დინამიკას ვერ ხედავენ. ამიტომ უნდა დავაჩქაროთ რეფორმები, ამიტომ უნდა დავაჩქაროთ ქვეყნის ეკონომიკური დინამიკა, ამიტომ მეტი უნდა გავაკეთოთ დეპოლარიზაციის კუთხით, რადგან თუ არის რაიმე, რაც ახალგაზრდებს ქვეყნის გარეთ გასვლისაკენ უბიძგებს, ეს ქვეყნის შიგნით არსებული ამ გაუთავებელი პოლარიზაციის ხილვაა, რომელიც არ აჩვენებს რაიმე რეალურ არსს – საით მივდივართ და არ მოაქვს ის ოპტიმიზმი, რომელიც კეთების, შენებისა და ამ გზის გაგრძელებისთვის ახალი ენთუზიაზმის შესაქმნელადაა საჭირო.

ასე რომ, ვიტყოდი, ჩვენ ჩვენს ახალგაზრდებში ეს ევროპული პერსპექტივა უნდა გავაღვივოთ. ეს ძალიან ნათლადაა წარმოდგენილი. არავინ უნდა იყოს პესიმისტურად განწყობილი, თუმცა ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. საქართველოს მოსახლეობამ აჩვენა თუ სად დგას, სად დგას უკრაინასთან მიმართებით, ევროპასთან მიმართებით და ჩვენ, ვინც ქვეყნის სათავეში ვართ, იქნება ეს მმართველი გუნდი, თუ ოპოზიცია, თუ ინსტიტუციური ლიდერები, ყველანი პასუხისმგებლები ვართ და ყველას მოგვიწევს პასუხის გაცემა მომავალი თაობისათვის თუ როგორ ვიმოქმედეთ ამ ძალიან საინტერესო დროს, როდესაც უეცრად ისტორიამ და უკრაინამ ახალი პერსპექტივა შემოგვთავაზა, შემოგვთავაზა ახალი მომავალი ისე, რომ იმ დროს ჩვენ თითქმის არაფრის გაკეთება მოგვიწია ამისთვის და ვიქნებით კი ამისთვის მზად. ჩემი ვარაუდით, ჩვენ მზად ვიქნებით და ხვალ ერთად ვიქნებით ევროკავშირში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.