გუტერეშმა რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებულ პერიმეტრზე შეთანხმდნენ

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებულ პერიმეტრზე შეთანხმდნენ.

„როგორც პირველი ნაბიჯი, რუსულმა და უკრაინულმა ძალებმა უნდა აიღონ ვალდებულება, არ ჩაერთონ რაიმე სამხედრო აქტივობაში ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით ან ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან“, – აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

„როგორც მეორე ნაბიჯი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შეთანხმება დემილიტარიზებულ პერიმეტრზე. კერძოდ, ეს მოიცავს რუსეთის ძალების ვალდებულებას, გაიყვანონ სამხედრო პერსონალი და აღჭურვილობა ამ პერიმეტრიდან და უკრაინული ძალების ვალდებულება, არ გადავიდნენ ამ პერიმეტრზე“, – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

მანამდე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) განაცხადეს, რომ კვლავ სერიოზულად შეშფოთებულნი არიან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარებით და აღნიშნეს, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცვის ზონა.