თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინიდან მარცვლეულის გატანის საკითხზე კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მიერ გამოთქმულ პრეტენზიას იზიარებს და ამბობს, რომ „სავარაუდოდ, უკრაინული მარცვლეული მდიდარ ქვეყნებში იგზავნება“, წერს RBC.
ერდოღანმა შეხვედრა გამართა ხორვატიის ლიდერ ზორან მილანოვიჩთან. გენერალურ პრესკონფერენციაზე თურქეთის პრეზიდენტმა საჯაროდ დაუჭირა მხარი პუტინის შანტაჟს მარცვლეულის ექსპორტზე.
მისი თქმით, უკრაინული მარცვლეული, სავარაუდოდ, მდიდარ ქვეყნებში მიდის და არა ღარიბ რეგიონებში.
„სავარაუდოდ, უკრაინული მარცვლეული მიეწოდება მდიდარ ქვეყნებს და არა ღარიბს, ამის მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გრძელდება“, – თქვა ერდოღანმა.
მეტიც, თურქეთის პრეზიდენტს სურს რუსული მარცვლეულის მიწოდების განახლება დაიწყოს.
„გვინდა რუსეთიდან მარცვლეულის მიწოდება დავიწყოთ, ამას ველოდებით“, – განაცხადა მან.
კრემლის ლიდერმა 7 სექტემბერს ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ შეცვალოს მარცვლეულის უკრაინიდან გატანის შესახებ შეთანხმების პირობები. პუტინმა თქვა, რომ საკითხის განხილვას აპირებს ერდოღანთან.
„იქნებ უნდა ვიფიქროთ ამ მარშრუტების შეცვლაზე, საკითხის განხილვაზე. ამ საკითხზე აუცილებლად გავივლი კონსულტაციას თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ შევიმუშავეთ მექანიზმი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის, პირველ რიგში, დავეხმარეთ ყველაზე ღარიბ ქვეყნებს და რა ხდება რეალურად“, – თქვა კრემლის ლიდერმა აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.