ნანა კაკაბაძე ხელისუფლებას: დროზე მიიღეთ ადეკვატური ზომები!

დროზე მიიღეთ ადეკვატური ზომები! – ამის შესახებ უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ხელსიუფლების მისამართით წერს.

“ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წერს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მოსამზადებლად მოხალისეებს აგროვებს. მასში მონაწილეობის მსურველი უკვე რამდენიმე ასეული პირიც დარეგისტრირებულა მის საიტზე. როგორც თვითონ ამბობს, აპირებს 60-დან 100 ათას კაცამდე „რევოლუციონერს“ მოუყაროს თავი და შეუტიოს სამთავრობო შენობებს. „აბა რა ვქნა, სხვანაირად ოცნება ძალაუფლებას არ დათმობსო“ – ამბობს „გიჟი-ზურაბა“ (როგორც მას ერთმა პოლიტიკოსმა უწოდა).

უკრაინიდან დავით არახამია იმუქრება, ქართველები თუ ვერ ახერხებთ ან არ აპირებთ ბიძინა ივანიშვილის მოცილებას, ჩვენ მოგეხმარებითო. არახამიას ხან თავისი კოლეგა კრიმინალ-პოლიტიკოსები უბამენ მხარს ჩვენზე „ზრუნვაში“და ხანაც უკრაინაში მებრძოლი ზოგიერთი ქართველი.

აქეთ ევროპიდან ჩამოსული ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“ შეურაცხგვყოფენ, ქართველებს, საცოდავები ხართ ამ მთავრობის ხელში, მაგრამ ჩვენ მაინც “დაგეხმარებით”ნაცებთან ერთად ( მათივე გამოგონილ) „დებიძინიზაციაშიო“.

აღარაფერს ვამბობთ იმ მრავალ ჩასაფრებულ აქაურ-იქაურებისგან შემდგარ აგენტურულ ქსელზე, რომელიც მხოლოდ ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან, რომ სახელმწიფო გადატრიალებაში მიიღონ მონაწილეობა.

ჩვენი ხელისუფლება, სახელმწიფოს ამგვარ რყევებზე მხოლოდ სიტყვიერი პასუხებით იფარგლება, რაც კიდევ უფრო ათამამებს და ახალისებს ჩვენს შინაურ თუ გარეულ „კეთილმოსურნეებს“. არადა, არსებობს ბევრი სამართლებრივი გზა, რომლითაც თუ არ აღიკვეთება, შეიზღუდება მაინც ჩვენზე „ზრუნვა-რჩევა-მუქარების“ ავტორი კოლონიზატორებისა და მათი ადგილობრივი მონების მოქმედების არეალი.

ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს დიპლომატიური ნოტები ან უბრალოდ, სახელმწიფო ინსტიტუების სახელით გაკეთებული განცხადებები, ზოგჯერ – „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა, ხოლო ზოგჯერ გამოძიების დაწყება და შესაბამისი მასალების წარმოდგენის შემთხვევაში, კონკრეტული პირებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება.

ამ საშუალებებიდან რომლის გამოყენებაა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადეკვატური, ეს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს.
მიგვაჩნია, რომ დროზე უნდა იქნას მიღებული ადეკვატური ზომები.” – წერს ნანა კაკაბაძე.