თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართა.
სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნას ითვალისწინებს „მუზეუმების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტი, რომელზეც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
პარლამენტის წევრების: ირაკლი ბერაიას, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ელისო ბოლქვაძის, ალექსანდრე ტაბატაძის, გიორგი ხელაშვილის, რესან კონცელიძის და ალექსანდრე ელისაშვილი საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტით, ახალი ტიპის მუზეუმის შექმნის სამართლებრივი საფუძვლები რეგულირდება. მომხსენებლის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის დავალებით უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც თბილისის ერთ-ერთ უბანში სამხედრო მუზეუმის გახსნის საკითხებზე მუშაობს და წარმოდგენილი კანონპროექტი აღნიშნულ პროცესს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას შეფასებით, კომიტეტის წევრები მიესალმებიან წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს და კანონპროექტთან დაკავშირებით სრულად იზიარებენ მომხსენებლის მოსაზრებებს. კომიტეტის სხდომაზე საჯარო სამართლის იურდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან რაზმაძემ „საჯარო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონპროექტზე და მისგან გამომდინარე ცვლილებებზე ისაუბრა.
მომხსენებლის ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების საფუძველზე მომზადდა და სრულად იზიარებს ევროკავშირის მიდგომებს და დირექტივებს. მისივე განცხადებით, კანონპროექტის ერთი თავი ცალკე ეთმობა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ სახელმწიფო შესყიდვების ნაწილს. ლევან რაზმაძის თქმით, ცვლილებები ნატოს კომიტეტის და თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნების შესაბამისად მომზადდა და დეტალურად გაიწერა ყველა ის მიდგომა, რომელიც აღნიშნული შესყიდვების საკითხს უკავშირდება. მისივე ინფორმაციით, კანონპროექტი ეტაპობრივად 2025 წლიდან ამოქმედება და მისი სრული იმპლემენტაცია 2029 წლისთვის იგეგმება.
კომიტეტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო პაკეტი მნიშვნელოვან ინიციატივად შეაფასა და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი, შესყიდვების ნაწილში, ქვეყნის კანონმდებლობას კიდევ უფრო მოქნილს გახდის და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებებით ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია მოხდება. კომიტეტის სხდომაზე განხილულ კანონპროექტებზე პარლამენტის პლენარული სხდომა იმსჯელებს.
წყარო: itv.ge