დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იბეჭდება 1974 წლიდან. ფართო დებიუტი შედგა 1977 წელს ქართული პოეზიის ყოველწლიურ ანთოლოგიაში “პოეზიის დღე”.
იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამომცემლობა “მეცნიერების” მთავარი რედაქტორი (1990-1995); საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ “კავკასიური სახლის” დირექტორის მოადგილე სამეცნიერო-საგამომცემლო დარგში (1994-1997).
1992 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე – “ქართული თავისუფალი ლექსი”.
წლების მანძილზე იყო თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, კრებულ “გალაკტიონოლოგიის” პასუხისმგებელი მდივანი.
არის ამერიკის პოეტთა აკადემიის წევრი; ხუთი პოეტური კრებულისა და მრავალი ლიტერატურულ-კრიტიკული გამოკვლევის ავტორი.
ინტერესის სფეროა: ლექსის თეორია, პოეზიის ისტორია, მიმდინარე ლიტერატურული პროცესები ქართულ ლიტერატურაში, ლიტერატურული ურთიერთობანი.
შეყვანილია ცნობარში – “Who is Who among World Business and Art Women” (2002).
არის შემოქმედებითი გაერთიანება “არილის” წევრი.
გამოსცა ლექსების კრებულები: “ახალდედები” (1987), “ჩემი სიყვარულის ბწკარედი” (1996), “დილისპირული” (2002), “დიოტიმა” (2004), “ვიტა ბრევის” (2010).
არაერთი ლოკალური და საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ნომინანტი და მფლობელია პოეზიისა და ლიტერატურული კრიტიკის დარგში. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია:
2005 წ. – სახელმწიფო პრემიის ნომინანტი პუბლიცისტიკის დარგში;
2021წ. – წლის საუკეთესო კრიტიკოსი – ჟურნალ “ცისკრის” და ბარდაველიძის პრემია;
2022 წ. – დავით გურამიშვილის პრემია პოეზიაში (II ადგ.)
პოეტისა და კრიტიკოსის, – ნინო დარბაისელი სტრონის პერსონა.
– დაიბადეთ თბილისში… მშობლები… ბავშვობის საინტერესო ამბები…
– როგორც ყველა ჩვენგანი, ბავშვობაში მეც მოსიარულე საოცრება ვიყავი. კახელი ნათესავები სულ ამბობდნენ ,,ესა ერთხელ დაბერებული და მეორედ გაახალგაზრდავებულიაო”.
აბა, გაგიგიათ ეს გამოთქმა?
რეალურად: დინჯი, ჭამისა და ძილის დიდად მოყვარული, სულ პირმოცინარი არსება, მუდამ მზად ყველას დასახმარებლად.
იცით, რა?
გოგოს უფროსებმა არ უნდა გააგონონ, რომ მის ნაცვლად ბიჭს ელოდნენ და გულგაცრუებულნი დარჩნენ მისი დაბადებით, თორემ ჩემსავით მთელი ცხოვრება ზედმეტი, არასასურველი ბავშვის და მერე – ადამიანის კომპლექსი ექნება და სულ ჩემსავით ეცდება, მშობლებსა და გარემოს უმტკიცოს, რომ გაჩენად ღირდა.
მერე ამას დაუმატეთ ბებიაჩემი ანიკოს სიტყვები, პატარობიდანვე სულ რომ გვაგონებდა, ბავშვმა თავისი ყოველდღიური ლუკმის ფასი საქმე ოჯახში კიდეც უნდა გააკეთოსო. დაგვაყენებდა და მთელ დიდ ეზოს გვაგვევინებდა ან ცივ წყალში მთელი ოჯახის თეფშებს გვარეცხინებდა, გვამშრალებინებდა და ასე შემდეგ…
გვეყო კონკიას ამბები!
წარსულ დაჩაგრულობაზე ლაპარაკი ხომ სიამოვნებას ანიჭებს იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ აწმყოში რაიმე წარმატებას მიაღწიეს. რა ვუყოთ, თუ შენი წარმატება სხვას წარუმატებლობადაც შეიძლება მიაჩნდეს. არშინი – სხვადასხვაა.
ერთსაც ვიტყვი ბავშვობისდროინდელს და სხვა კითხვებს მივხედოთ.
თბილისში, ნუცუბიძეზე, იმ დროის საზომებით უზარმაზარ საკუთარ სახლში დავიბადე და გავიზარდე, დღეს რომ ირგვლივ შემოჯარულ ქორ-არწივთა შორის შემცივნული ბეღურასავით გამოიყურება. სახლს წინ დიდი თუთა ედგა და დიდი კიბე ჰქონდა. მახსოვს იმ კიბეზე, თუთისქვეშ მჯდარი ბავშვური თვითშემეცნების ნეტარებას როგორ ვეძლეოდი და რატომღაც უცნობ უზენაესს მივმართავდი:
ღმერთო, როგორ გამაჩინე ასეთი ბედნიერი მაინცა და მაინც მე!
მქვია საქართველოში ყველაზე კარგი სახელი – ნინო,
მაქვს ყველაზე ლამაზი გვარი – დარბაისელი,
დავიბადე 1961 წელს, რომელიც, რომ გადაატრიალო, იგივენაირად იკითხება და ადამიანი პირველად გაფრინდა კოსმოსში.
თანაც – რვა მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს.
დედაჩემი – ულამაზესი ქალია,
მამაჩემი – უღონიერესი კაცი,
ყველაფერი ადგილზე მაქვს, ხელები, ფეხები, თავი და რაც მთავარია, საკუთარი მოგროვილი ოცდათორმეტი მანეთი. თუ მინდა, ნაყინს კი არა, მენაყინეს მთლიანად ვიყიდი თავის ყუთიან, შავმოტოციკლეტიანად და მებატიბუტესაც ზედ დავაყოლებ, მაგრამ ფული ფულად მირჩევნია. რატომ?
ვიდრე გაქვს, ფულით ათას რამეს იყიდი, მაგრამ ნაყიდით – უკვე ვეღარაფერს!
– დაამთავრეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. რატომ ფილოლოგია? სტუდენტობის წლებიდან ვის გაიხსენებთ?
– კაცმა რომ თქვას, სხვა არჩევანი არც მქონია. ოჯახის სხვა წევრებისგან განსხვავებით, სპორტული მე არ ვიყავი, “საგარეო” საქმეებიდან – წერა-კითხვა უკეთ გამომდიოდა.
რასაც “სტუდენტურ წლებში” ჩვეულებრივ გულისხმობენ, – ბევრი არაფერი… ან ახლა არ მაგონდება… სულ რაღაც იყო სასწავლი და მოსასწრები. სამაგიეროდ, შევიძინე რამდენიმე უფროსი მეგობარი, ჩემი ლექტორები, რომელთან ურთიერთობამაც ის ბაზისი და კარკასი ამაგებინა, რომელზე დაყრდნობითაც უკვე დამოუკიდებლად უნდა მეზრუნა პიროვნულ თვითკონსტრუირებაზე.
აქ, უპირველესად, რეზო სირაძესა და ნაირა გელაშვილს ვგულისხმობ.
თანატოლებიდან – ჩემს ფორმირებაზე ბავშვობიდანვე ყველაზე დიდი გავლენა მერაბ ღაღანიძემ მოახდინა.
გარეგნულად, ცოტა არ იყოს, უცნაური სამკუთხედი გამომივიდა, არა?!
ჩემი სათვალმჩენოდან კი მათ შორის შინაგანი ერთობა იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე თავად წარმოუდგენიათ.
– პირველი ლექსი 7 წლისამ დაწერეთ, დებიუტი კი, რამდენიმე წლის შემდეგ, პიონერთა სასახლის გაზეთ “გაზაფხულში” შედგა… ვის უკითხავდით ლექსებს? პირველი მწერალი, ვინც გაიცანით?
– პიონერთა სასახლეში, ნორჩ შემოქმედთა სტუდიის, ფაცია პაიჭაძის ბავშვები განებივრებულნი ვიყავით ცნობილ პოეტებთან ურთიერთობით.
ჩემსობისას სასახლეში ლიტერატურული სალონები მუდმივად ტარდებოდა და იმ დროის ცნობილი პოეტები ხალისითაც გვესწრებოდნენ, გვისმენდნენ. საკუთარ აზრსაც გვეუბნებოდნენ.
მე მიშა ქურდიანის მოსმენა მიყვარდა, მუდამ იუმორით შეზავებულ სიტყვას გეტყოდა და ისეთ კონტექსტს მოხაზავდა, უნდა დაგემახსოვრებინა და მერე გერკვია, მაგალითად, რაო, იმ ვიღაც ლევი სტროსმა, ან ეს ქამინგსი მაინც ვინ იყო და ასე შემდეგ.
ასე იზრდება მოაზროვნე პიროვნება, ცნობისწადილი ზრდის.
ჰო, კიდევ ამის დავიწყება როგორ შეიძლება!
ფაცია დეიდას წახალისების ასეთი ხერხიც ჰქონდა. თუ რამე გამორჩეულს დავწერდით, პოეზიის საღამოსთვის მოსაწვევებს ჩვენ გვატანდა დიდ პოეტებთან.
ამ პოეტებს კი წესად ჰქონდათ, მადლობისა და ფაცია დეიდას მოკითხვის მერე რაიმე საკუთარი ლექსი ეთქმევინებინათ ჩვენთვის (ყოველი შემთხვევისთვის, რვეულით სუფთად გადაწერილი ლექსები თან უნდა გვქონოდა) წარმოიდგინეთ, რა ამაყი და ბედნიერი ვიქნებოდი, როცა მუხრან მაჭავარიანი და მურმან ლებანიძე – მე შემხვდა.
იმდროინდელ ამბავს ვყვები, ძველი კინოსტუდიის წინ რომ თაღქვეშ შეხვიდოდი, მარცხნივ რომ კორპუსი იდგა და ერთ სადარბაზოში მესამეზე – მუხრანი ცხოვრობდა, მეხუთეზე – მურმანი.
ადრიანი გაზაფხული იყო, ტელეფონით შევთანხმდით, საღამოთი დამიბარეს.. ზუსტად აღარ მახსოვს,მგონი, ჩემი ბავშვობის მეგობარი, ნატა გაბუნიაც იყო. მუხრანს მუქი ლურჯი, სპორტული, წინ ელვაშესაკრავიანი შალის ფორმა ეცვა, გენერალივით გვერდში თეთრი ზოლი მიჰყვებოდა მკლავზეც და ტოტზეც.
ბინის შესასვლელიდანვე, პირველ, თავის მომცრო ოთახში იჯდა საწერ მაგიდასთან, მაგიდის ლამფის შუქზე, ხელში მაკრატელი ეჭირა, წინ – ბოთლით ბუმერაბიკის თუ გუმერაბიკის წებო ედგა, შიგ ფუნჯით, ძველი წიგნებიდან ლექსებს ჭრიდა და თაბახის ფურცლებზე აწებებდა, რაღაცებს აწერდა და გასაშრობად, ირგვლივ ცალ-ცალკე აწყობდა (ფანქარ-წებოები და “სკოჩები” ჯერ არ იყო შემოსული). ოთხკუთხა, ცისფერმაგარყდიანი კრებული რომაა მისი, მგონი “დუმილი რეკავს” – ასე ჰქვია, იმაზე მუშაობდა. ჩემი არსებობა თითქოს დაავიწყდა კიდეც. ვუყურებდი და წარმოვიდგენდი, რომ მეც გავიზრდებოდი, გავხდებოდი დიდი პოეტი, ამოვჭრიდი ჯერჯერობით გაზეთებში გამოქვეყნებულ ჩემს ლექსებს და სათითაოდ ქაღალდზე დავაწებებდი.
როცა ყურადღება მომაქცია, მთელი სამი ლექსი (!!!) წამაკითხა!!!
(წამაკითხებდა, აბა, რა! მაშინ ხუთ- შვიდსიტყვიან, მინიატურულ ლექსებს ვწერდი, ადამიანი მოსასმენად რომ მოემზადებოდა, მე უკვე დამთავრებული მქონდა კითხვა).
“უყურე შენ, რა ავანგარდისტული თაობა მოდისო!”, თქვა.
მიკვირს, გული როგორ არ გამისკდა ბედნიერებისაგან.
ახლა ამას ისეთი უცნაური სიცხადითა და შინაგანი მღელვარებით გიამბობთ, მორწმუნემ რომ თქვას, უფალი ვიხილეო. პოეზიაც ხომ რელიგიაა!
ავფრინდი მეხუთე სართულზე, მურმანთან. კარი მისმა ვაჟმა, ზაზამ გამიღო, “თეთნულდი დაგიხატია, ზაზული”! გამახსენდა. დიდ ოთახში შევედით, რაღაც უცნაური “სტენკა”, ანუ კედელი ედგა. სავარძლები და დაბალი “ჟურნალის მაგიდა”. მთლად ჭაღარა, გამხდარი მურმანიც შემოვიდა. ჯერ ტრადიციული მადლობა, ფაცია დეიდას მოკითხვა და… წარმოიდგინეთ, არც შემკითხია, ლექსებს ვწერდი თუ არა… სხვა დროს ეს რა გულგატეხილობაში ჩამაგდებდა!… მაგრამ სწორედ მაშინ, მუხრანით აღფრთოვანებულს ოდნავაც როგორ დამიწევდა განწყობას! მარტო ვუთხარი, კონკურსი რომ ჩატარდეს, მურმან ლებანიძის ყველაზე ბევრი ლექსი ვინ იცისო, თუ პირველ ადგილზე ვერ გავედი, უპრიზოდ ნამდვილად არ დავრჩები- მეთქი. ეამა.
აბა, რომელიმე მითხარიო, თამუნია ქავთარაძეზე ორი ლექსი ვთქვი, “ციცო” დავაყოლე, მერე “გურამ რჩეულიშვილის ხსოვნას”. კარგად კითხულობო…
ნორჩ შემოქმედთა სტუდიაში მარტო პოეზიაზე როდი ვმსჯელობდით. გვყავდა ერთი მასწავლებელი, ნათელი დაადგეს! ავთო ჩხიკვიშვილი, გრიგოლ რობაქიძის შთამომავალი იყო რაღაცნაირად და ერთხელ თქვა, ქალს თუ ლამაზი ხელის მტევნები არა აქვს, ყურადღების მისაქცევი, ლაქი არ უნდა წაისვასო. გოგოებმა თლილი თითები აათამაშეს, მე საწყალმაც დავიხედე ჩემს მუშა ხელებზე და სამთელსიცოცხლოდ დავასკვენი, რომ ლაქი კი არა, საზოგადოებაში ეს ხელები ჯიბიდანაც არ უნდა ამომეღო… აქ თანაგრძნობით გამიღიმეთ!… ახლა ასაკში ვარ და აღარ მენაღვლება, როგორიც მაქვს, მაქვს!
– 90-იან წლებში დაიცავით დისერტაცია თემაზე: “ქართული თავისუფალი ლექსი”. რატომ გადაწყვიტეთ ეს თემა?
– რომ ჩამოვთვალო, რამდენ პოეტ ქალს აქვს დაცული დისერტაცია საქართველოში, გრძელი სია გამომივა და თან აუცილებლად ვიღაც გამომრჩება.
ჩემს შემთხვევაში ცოტა სხვაგვარად იყო. პრობლემა მაინტერესებდა, როგორც პოეტს, თან სოსო სიგუამ შემაგულიანა, საინტერესო და საჭირო საკითხიაო. სოსო ჩემი თაობისთვის – იგავმიუწვდომელი ავტორიტეტი იყო. ჩემთვის – დღემდე ასეა.
– როდესაც თქვენი კრებული “დილისპირული” გამოვიდა – სიყვარულის თანამედროვე ტრუბადური გიწოდეს, რადგან ლექსების უმრავლესობა სიყვარულს ეძღვნებაო. რამდენად ეთანხმებით კრიტიკოსთა შეფასებას? რას ნიშნავს თქვენთვის სიყვარული?
– კრიტიკოსების შეფასებას ყოველთვის მადლიერებით ვიღებ. მუდამ იმაზე გაცილებით მაღალია, ვიდრე, ჩემი ფიქრით, დამიმსახურებია. სიყვარულის ტრუბადურობას რაც შეეხება, ვცადე, დამერღვია ეს აზრი, რომელიც ჩემ შესახებ მყარდებოდა და დავიწყე “არასასიყვარულო” თემებზე წერა. აქ ქალ-კაცურ, ქართულ-ტრადიციულად გაგებულ სიყვარულს ვგულისხმობ, თორემ სხვადასხვანაირი სიყვარულის თემა უამრავია. პოეზიაში სიყვარულს ვერ ასცდები, უსიყვარულობაზეც კი რომ წერო, ლექსი მაინც სიყვარულზეა.
– როგორ იწერება ლექსი ნინო დარბაისელისთვის – ჯერ ფორმა ჩნდება თუ სათქმელს ერგება ფორმა? შთაგონებას რა გაძლევთ? პოეტმა სუსტი ლექსიც უნდა გამოაქვეყნოს?
– ასეც და ისეც. ხან სათქმელი ასწრებს, ხან ფორმა გიჩენს დაძლევის ჟინს. შევთანხმდეთ, რომ არცერთი აზრი, რომელსაც დღეს გიზიარებთ, ამომწურავი არ არის, სხვადასხვა დროს, ათასნაირად ვფიქრობ ხოლმე ერთსა და იმავე ამბავზე, დასკვნებიც მეცვლება.
მაგალითად, ამ ორი კვირის წინ ერთი ოპუსი გამოვაქვეყნე ინტერნეტში, სათაურით ,,პოეტური დემენცია”, სადაც რაღაც ასეთს ვამბობდი, რომ პოეტს, შესაძლებელია, დონე დაუქვეითდეს შემოქმედებითი “სიბერის” დროს და გამო. ხოლო შემოქმედებითი სიბერე ბიოლოგიურს შეიძლება სულაც არ ემთხვეოდეს-მეთქი. ახლა ვფიქრობ, რომ პოეტური ოსტატობა ცურვასავითაა. რომ გაიწაფები, ძალიანაც რომ იწვალო, არმცოდნის იმიტირებაც რომ სცადო, ცუდად უკვე ვეღარ გაცურავ. ანუ შეიძლება პოეტი-გენიოსი ვერ იყო, მაგრამ რაკი კარგად გიწერია, ცუდად წერა – უკვე შეუძლებელია!
– როგორ განმარტავდით გამოთქმას – პოეტი მაინც ერთი ლექსია…
– ახლა მეჩვენება, რომ ეს ძალიან ოპტიმისტურად ჟღერს. ათობით, ასობით, მგონი, ათასობით პოეტია ჩვენ ირგვლივ, მათგან უამრავი – საზოგადოებისთვის ცნობილი და, აბა, არათუ ერთი ლექსი, მისი ორი სტრიქონი მაინც თუ გაახსენდება ვინმეს!.. არა, ახლობელს, არა, ვინმე არაანგაჟრებულ მკითხველს მისი?
საერთოდ კი, ერთხელ მეც “მინდა ისეთი ლექსი დავწერო, რომ არ დამჭირდეს კვლავ ლექსის წერა”, გაფრინდაშვილისა არ იყოს, მაგრამ ალბათ უკვე დავაგვიანე.
უბედნიერესი ვიქნები, ორი სტრიქონით თუ მაინც შემოვრჩები ქართული პოეზიის ისტორიას. არ ვთავმდაბლობ, ეს რეალური ოცნებაა. რამდენი მართლაც კარგი პოეტი გაქრა ჩვენი მეხსიერებიდან უამორსტრიქონოდ! ეს განსაკუთრებით ვერლიბრისტებს შეეხება, რადგან ლექსის ამ სახეობამ დახსომებადობის ხარისხი დაუქვეითა პოეზიას, კონვენციური ლექსისგან განსხვავებით. გამოკვეთილი რიტმი და რითმა ხომ ძალიან უწყობს ხელს მოკლე ინფორმაციის დახსომებას, ცნობიერებაში ჩაბეჭდვას! რეკლამებშიც ამიტომ არ იყენებენ?
უფრო იმისი იმედი მაქვს, რომ მკვლევარ-კრიტიკოსად მაინც შემოვრჩები ქართული ლიტერატურის ისტორიის “სქოლიოს”. კარგია, თბილა “სქოლიოში”, შოთა ჩანტლაძემ არ გვასწავლა?
– ვერლიბრმა დიდი გზა განვლო, ბუნებრივია, 40 წლის წინანდელსა და დღევანდელს შორის განსხვავება უნდა იყოს. როგორც ლექსმცოდნე, რას იტყოდით თანამედროვე ავტორებზე? რამდენად საინტერესოდ დაიხვეწა ვერლიბრის ფორმა 21-ე საუკუნეში?… ხომ არ ფიქრობთ, რომ ავტორთა უმრავლესობა ჰგავს ერთმანეთს და საკუთარი ხელწერა არ აქვს…
– გასული საუკუნის დასაწყისში, პოეტური რეფორმების წყალობით, ქართული ლექსი თანდათან ევროპული რადიუსით იმართებოდა, მაგრამ საბჭოთა იდეოლოგიის სიმკაცრემ ძიებანი ლექსის ფორმის სფეროში ფორმალიზმად გამოაცხადა და ბრძოლა დაუწყო, როგორც კაპიტალისტურ დივერსიას. მოხდა პროცესების იძულებითი კონსერვაცია. ამის მიუხედავად, ცოტა, მაგრამ რაღაც მაინც ხერხდებოდა, როგორც კი ამ მხრივ პატარა საშუალება გამოჩნდებოდა და წნეხი შესუსტდებოდა. უცნაური და საკვირველია, მაგრამ ჩვენ, საბჭოთა ცენტრისა და სხვა რესპუბლიკებისგან განსხვავებით, არ გვყოლია პოეტი-დისიდენტები, ვინც რა უნდა დაიბრალოს უკანა რიცხვით, ან როგორი ინტერპრეტაციითაც არ უნდა ვიკითხოთ დიდ პოეტთა მემკვიდრეობა. ჩვენი პოეტები – “დის”-ის გარეშე დარჩნენ, დისიდენტები კი არა, “პოეტი-იდენტები” იყვნენ. სასწაულია, როგორ მოახერხა მათმა მცირე ნაწილმა, შეექმნა დიდი პოეზია.
სამწუხაროდ. ხანდახან ვფიქრობ, რომ ამისი მიზეზი ჩვენდამი გამოჩენილი განსაკუთრებული რეპრესიული სისასტიკე იყო. ჩვენ ხომ არა მარტო ღერები გადაგვიჭრეს, არამედ ფესვიანად ამოგვთხარეს, რომ ამონაყარიც არ გაგვჩენოდა.
როცა პოეტი ვითომ გედისიდენტება და შენ ამაში საჯაროდ საბჭოურ, იდეოლოგიურ პრემიას ანიჭებ, ეს უკვე არის მანიფესტირება იმისა, რომ “ონ სუკინ სინ, ნო ნაშ სუკინ სინ”, მაპატიეთ რუსულის ციტირება. ვის ვგულისხმობ?კონკრეტიკისგან აქ თავს შევიკავებ და თავად გაიხსენეთ ყველა, ვისაც საბჭოთა პერიოდში რაიმე ლიტერატურული პრემია ჰქონდა მიღებული. იდეოლოგიისაგან თავისუფალი პრემია იმ დროს, ხომ, უბრალოდ, არ არსებობდა.
სხვათა შორის, იმ პრემიას კარგი გარნირიც მოჰყვებოდა. მოდი და, სიმწრით ნუ გაგვეცინებოდა იმ საბჭოთა “სუკინ სინებზე”, საბჭოეთის დაშლა აშკარა რომ იყო და იმ დროს-ღა რომ ამბობდნენ დიდი ხნის შეჭმულ-მონელებულ, აზრდაკარგულ პრემიაზე ამაყ უარს, პარტიულობისა არ იყოს!
საერთოდ კი, წეღან ნახსენებმა იძულებითმა კონსერვაციამ არა მხოლოდ ვერლიბრის, არამედ, ზოგადად, ლექსის ფორმის მხრივ ის, როგორც დოჩანაშვილის ერთი გმირი იტყოდა, “მოსალოცი” ამბავი დაგვმართა, რომ იმ დროს, როცა ევრო-ამერიკულმა პოეზიებმა განვითარების ისეთ უკიდურეს ზღვარს მიაღწიეს, ათასნაირი ფორმა სცადეს და განავითარეს, ჩვენ, ამ მხრივ ჩამორჩენილებს, ყველაფერი ჯერ კიდევ წინა გვაქვს. დაიძლევა ახლანდელი ერთფეროვნება, გამოჩნდება ახალი ვინმე, მიხვდება, რომ პოეტური ხელოვნება ეს – უპირველესად სათქმელის, სიტყვის, როგორც მასალის პოეტურ ფორმაში უფორმობაში მოქცევის ხელოვნებაა და მერე უყურეთ!
მე იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება. მანამდე კი ეს პოეტური ფონი, რომელიც დღეს გვაქვს, ცალკეული ბორცვებით, ეს კონტექსტი თუ “ბექგრაუნდი” – ძალიან საჭიროა.
– ფსევდონიმ ელენე დარიანის გამო ლიტერატურათმცოდნეობითი წრეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. თქვენც იყავით ამ კამათის ერთ-ერთი მონაწილე. და მაინც, რატომ აგორდა ეს საკითხი ახლა, როცა თავის დროზე დასაბუთებული და გამოკვლეულია ელენე დარიანის საკითხი? თქვენს გამოკვლევებს კიდევ რა მიემატა ამ დაპირისპირების შემდეგ?
– “ლიტერატურათმცოდნეობითი წრეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ელენე დარიანის გამოო”, ვერ ვიტყოდი. ლიტმცოდნეობაში თავიდანვე არსებობდა მყარი აზრი, რომ ავტორი ელენე დარიანის დღიურებისა იყო პაოლო იაშვილი. მცდარი, ფაქტებით გაუმყარებელი თვალსაზრისი რომ გამოჩნდა ელენე ბაქრაძის ვითომ ავტორობის შესახებ, მკვლევართა მიერ, იმთავითვე პასუხიც გაეცა მდიდარ ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით.
ეს ყველაფერი მაინც ლიტმცოდნეობის საზღვრებში რჩებოდა, მაგრამ…. გერმანიის “მწვანეთა მოძრაობას” კავკასიაში, თბილისში ჰქონდა და აქვს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ოფისი, რომელიც გერმანიიდან ფინანსდებოდა და გენდერულ კვლევათა პროექტებზე იყო ორიენტირებული. როგორც ჩანს, ოფისის მაშინდელი ხელმძღვანელის პირად მეგობარსა და მასთან თანამშრომლობის მსურველს, ჩვენი ლიტერატურის მუზეუმის დირექტორ ლაშა ბაქრაძეს ვიღაცამ შეახსენა დარიანის ამბავი და ამ უკანასკნელმა მომგებიან თემად მიიჩნია ელენე ბაქრაძისაგან პაოლო იაშვილის მიერ დაჩაგრული დიდი ქართველი ქალი პოეტის კერპის შექმნა. ამ კერპითა და მისი სტენსილით მთელი ევროპა შეყარეს, ნახეთ, რა პოეტი აღმოვაჩინეთო. ბოლოს ისე გაუტიეს, რომ პაოლო იაშვილის ციკლი აღარ იკმარეს და გამოსცეს წიგნი, სადაც უცნობილესი და ცნობილი ქართველი და უცხოელი ავტორების უამრავი ლექსი შეიტანეს, როგორც ელენე ბაქრაძის მიერ დაწერილი, აქაოდა, მისი ხელითაა გადაწერილიო. ამას მოჰყვა სკანდალი. საჭირო გახდა წიგნის ახლიდან გამოცემა.
პირადად მე წელს პაოლო იაშვილის ავტორობის დასამტკიცებლად, ბეჭდურად ხუთი პუბლიკაცია მაქვს გამოქვეყნებული, ინტერნეტში გავრცელებულ მასალებს ვინ მოთვლის! საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ “კავკასიურ სახლში” , აპრილში, ნაირა გელაშივლის ხელმძღვანელობით, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენციაც, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა პაოლო იაშვილის ავტორობა. დღე დღეზე გამოდის ორი სამეცნიერო, სოლიდური მოცულობის კრებული, სადაც სხვა ავტორთა გამოკვლევებთან ერთად, შესულია ჩემიც.
არ მინდა ინტერვიუს ფორმატს გადავცდე, ამიტომ ვერაფერს ვამბობ იმ ქართველ მკვლევართა არაჩვეულებრივ გამოკვლევებზე, ამ გაუგებრობამ რომ გამოიწვია.
მაგრამ საბოლოო შედეგი?
ისეა გავრცელებული ლიტერატურის მუზეუმელთა “მითი”, ელენე ბაქრაძეზე, რომ სკოლის მასწავლებლები საჩვენებელი გაკვეთილის მასალებს დებენ ინტერნეტში და წერენ ასეთ რამეებს – ელენე ბაქრაძე ანუ აღმოჩენილი დიდ პოეტი ქალი ელენე დარიანიო.
თუ ძალიან მოინდომებ, ბოლოს და ბოლოს, ადამიანებს მაინც რაღაცას დაუმტკიცებ ლოგიკით, ფაქტებით, მაგრამ ინტერნეტში ფართოდ გავრცელებულ ინფორმაციასთან რას გააწყობ! რა ეშველება ამ საქმეს, ნამდვილად არ ვიცი.
– როგორც ბოლოდროინდელ ინტერვიუში ამბობთ, ლექსების კრებულის გამოცემას აღარ აპირებთ. გამოჩნდა თქვენი პროზაული ჩანაწერები… ამ ბოლო დროს უფრო ლიტერატურათმცოდნეობაში იპოვეთ თავი… როგორც მეცნიერი-ლექსმცოდნე ძირითადად, გალაკტიონოლოგიური საკითხებით ხართ დაკავებული… ანუ რაზე მუშაობს ამჯერად ნინო დარბაისელი?
– ლექსების კრებულის გამოცემას – ჩემთვის აზრი არა აქვს. ინგლისურად არ ვწერ, ქართულად – წამკითხავი არ მეყოლება ოჯახში, სადაც ქართულად მარტო მე ვლაპარაკობ. მოთხრობებს, რომელთაგან ადრე ერთი, სხვათა შორის, წლის საუკეთესო მოთხრობაც გახდა, დედაჩემის გასართობად ვწერ. ზომა- სამი- ხუთი გვერდიც ამით არის გამოწვეული, ტელეფონით შემოდის ინტერნეტში და მეტზე – თვალები დაეღლება. ერთ შემოსვლაზე უნდა მორჩეს. რეალისტური ნოველის სტილიც ამითაა განპირობებული. ყოფითი შინაარსი, მოქმედების სწრაფი დინამიკა, გამოკვეთილი ხასიათები, სასაუბრო, სლენგით ზომიერად შეზავებული ფრაზეოლოგია და ლექსიკა…
ამ ელენე დარიანის ამბებმა ძალიან ჩამომაშორა ჩემს ძირითად ლიტერატურულ საქმიანობას – პოეტობას, მთარგმნელობას და თანამედროვე პოეზიაზე წერილებისა თუ ოპუსების წერას. “დარიანული დღიურები” ხომ ზუსტად საუკუნის წინანდელია, უკვე ჩვენი ლიტერატურული მემკვიდრეობაა, ისტორიაა, რამდენად თანამედროვედაც არ უნდა ჟღერდეს იგი.
ვისაც რას შევპირდი წლის დასაწყისიდან, მის გამო თითქმის ვერავის ვერ შევუსრულე პირობა. ვფიქრობ, თუ სურვილი ისევ აქვთ, წლის ბოლომდე მათი ვალები გავიხსენო და გავისტუმრო, რომ შობა-ახალ წელს პირნათლად შევხვდე. ერთი ჩემი საყვარელი ახალგაზრდა პოეტის შესახებ დასაწერი წერილი მადევს გულზე მძიმედ. რა ძნელია, შინაგანად მზად რომ ხარ დასაჯდომად, საშუალება კი არა და არ გეძლევა!
– “ჩემი დილაუზმოს ფიქრები”, “ჩემი მხიარული რითმებიდან”… – როგორ იწერება ამ ფეისბუქრუბრიკებისთვის მასალები? როგორია მკითხველის რეაქცია?
– ჩემი დილა იწყება მხოლოდ მას შემდეგ, პირველ ყლუპ ყავას რომ მოვსვამ. თუ ამისი საშუალება არ მომეცა, ის კალენდარული დღე თითქოს ამოხეულია დღეთა რიგიდან. დილის ყავის სმის დრო – მომენტია, ვიდრე რუტინა თავის წილ ყურადღებას და ენერგიას მომთხოვდეს, ჩემი თავისუფლების პატარა მომენტი. აზრი შეუზღუდავად მოძრაობს, ღობე-ყორეს ედება, კომპსაც ვათვალიერებ ზანტად და თუ რამე მომხვდა თვალში, ინტერპრესნიუსზე ან ფეისბუქის საერთო კედელზე – ვეხმიანები, იშვიათად ისეც ხდება ხოლმე, რომ რაღაც, პირად გულისტკივილს გამოვხატავ ან ვენაკვიმატობ. სულ ესაა.
ძალიან მიყვარს რუბრიკა “ჩემი მხიარული რითმებიდან” . მასალას აქაც ინტერნეტში ვპოულობ, სხვაზე, აბა, რა ხელი მიმიწვდება! ძირითადად მახვილგონივრულ, ზუსტ, ხანაც ჰიპერდაქტილურ რითმას ვარგებ. პოლიტიკური შინაარსი ხშირად ჰქონია და დედაჩემს საქართველოდან დაურეკავს, შენი ჭირიმე, თავი დაანებე, რა ამ პოლიტიკას, ნაცნობები მხვდებიან და მეუბნებიან, სერიოზულ ადამიანად ვიცნობდით, ის კი დამდგარა და კოტეყუბანეიშვილობსო…
მჯერა, თუ კოტე წაიკითხავს ამ ტექსტს, ამ ალალად ნათქვამზე არ გამინაწყენდება. უფრო პირიქით, თამამად შეუძლია ჩათვალოს, რომ ჩვენს ურბანისტულ ზეპირსიტყვიერებას თავისებური ჟანრი შემატა იმ პატარ-პატარა, მახვილგონივრული ლექსებით. მე კი აბა, მის მასშტაბებს როგორ შევწვდები!
– ლიტერატურისა და ხელოვნების მცოდნეთა და შემოქმედთა საერთაშორისო ცენტრ “აგორას” ხელმძღვანელობთ. რამდენიმე კონკურსიც ჩაატარეთ და გამარჯვებულები გამოავლინეთ პოეზიაში… რა არის გვერდის მიზანი და კიდევ რას გეგმავთ?
– “აგორა” იმ დროს შეიქმნა, კორონავირუსი რომ მძვინვარებდა. ადამიანები შინ იყვნენ გამოკეტილები, ერთმანეთს ვერ ხედავდნენ და ფეისბუქზე საშინლად აგრესიული გარემო მეფობდა. მე- ქართველი მეგობრები მენატრებოდა. ვიფიქრე, რომ თუკი არ შევეხებოდით მიმდინარე პოლიტიკას, უმცირესობათა პრობლემების შესახებ მსჯელობა-კამათს არ გავმართავდით და ერთმანეთის მიმართ დაგროვილი ნეგატიური, თუნდაც გადამეტებული პოზიტიური ენერგიის ფრქვევის ზონად არ გამოვიყენებდით პატარა, დახურულ ცენტრს, შეგვეძლო, გაწონასწორებულებს ერთად კარგი საქმეები გვეკეთებინა. ერთმანეთის ნაწერებს გავცნობოდით. ეს მეტადრე უცხოეთში მყოფი იმ ადამიანებისთვის მიმაჩნდა საჭიროდ, ქართულ კულტურასთან რომ არიან აფილირებულნი, მაგრამ ხშირად მხოლოდ ერთი, ვიწრო სარკმლიდან ხედავენ ჩვენი კულტურის მრავალფეროვან სივრცეს. ხედვის ამ სივიწროვეს კი, როგორც რამდენიმე ფაქტმა დამარწმუნა, არცთუ იშვიათად ის იწვევს, რომ, მაგალითად, ვინმე უცხოელ მთარგმნელს თუ გაიცნობს სადმე ქართველი ავტორი, იზოლაციაში აქცევს, სხვისკენ აღარ გაახედებს, საკუთარ თავს დაუსახავს გენიოსად, მეტი-მეტი, საანთოლოგიოდ საკუთარი ახლობლები შეიმატოს… თუმცა ეს ხომ ახალი არ არის, ჩვენი ძველი სენია. თუნდაც გალაკტიონისა და პასტერნაკის შემთხვევა გავიხსენოთ.
მე ცისფერყანწელები კი გულით მიყვარს, მაგრამ არც ისე ბრმად, რომ, როგორც ახლა მოდაშია თქმა, ამას გაგებით მოვეკიდო.
ისევ “აგორას” დავუბრუნდეთ. თავდაპირველი ჩანაფიქრით ეს ცენტრი ასე, სამასწევრიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სკოლის მასწავლებლები ძალიან დაინტერესდნენ აქ თავმოყრილი მასალებით, მუშაობაში გვეხმარებაო და იქნებ იმიტომ, რომ მე თავად მასწავლებლების ოჯახში ვარ გაზრდილი, ჩემთვის ეს წმინდა ამბავია. ხელს როგორ არ შევუწყობდი. ამასობაში ოთხიათასამდე მივედით. დახურული ცენტრისთვის – ეს ცოტა როდია.
ვიდრე საკუთარ სახეს გამოვკვეთდით, წარმოუდგენლად მძიმე სამუშაო შემხვდა და მკაცრობამაც ძალიან მომიწია. ბეჭდურ პრესაში თუ ინტერნეტში რამდენჯერმე სხვადასხვანაირად დამიწერეს, რომ “აგორა” ყველასია, მაგრამ ეს დარბაისელი დაეპატრონა და ოცდაჩვიდმეტი წელი მონაგონია, ისეთი სიმკაცრე დაამყარაო. არადა ახალი ჯგუფის გახსნას სულ ორი წამი უნდა. არ ვიცი, რატომ თავად არ მოსდით აზრად, გახსნან და იქ ისეთი წესები დაამყარონ, როგორიც საჭიროდ მიაჩნიათ და რაც მთავარია, მოუარონ.
საქმე მოვლაა, დიდი ფიზიკური და შემოქმედებითი ენერგია და ა. შ. მიაქვს. ალბათ ეს ეზარებათ, თორემ სხვა ახსნას ვერ ვპოულობ.
“აგორას” არსებობის მანძილზე რამდენიმე რეფორმის ჩატარება დამჭირდა, რეალში და, შესაბამისად, ვირტუალში შეცვლილი გარემოებების გამო. საჭირო იყო ახალ ვითარებაში ჩვენი ნიშისთვის მიმეგნო. რაც პროგრესული და წარმატებული იყო გუშინ, დღეს შეიძლება რეგრესად გვქცეოდა. ვეცადე, ისე ჩამეტარებინა ეს რეფორმები, რომ წევრებს რყევები დიდად არ ეგრძნოთ.
ჯერჯერობით ვარსებობთ, ვგრძნობ ერთად ასე ყოფნის საჭიროებასა და შესაძლებლობასაც.
დანარჩენს – მომავალი გვიჩვენებს.
– ხართ ქველმოქმედი, “მე არ შემიძლია შევცვალო სამყარო უკეთესობისაკენ, სამაგიეროდ, რაღაც უნდა შევუმსუბუქო და გავათბო ჩემს გვერდით მყოფი ადამიანები” – ეს თქვენი კრედოა…
– ცხოვრებას რომ იწყებ, ფიქრობ, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვნის შეცვლა შეგიძლია უკეთესობისაკენ. ზოგი ახერხებს კიდეც, ყველა ხომ ერთგვარი სიდიდე-სიძლიერის მონაცემებისა ვერ იქნება. მერე ასაკი გემატება და ხვდები, საკუთარი ილუზორული წარმოდგენებისგან განთავისუფლება და რეალობისთვის თვალის გასწორებაა საჭირო.
ასე ოცდაათს გადაცილებული ვიქნებოდი და აღმოვაჩინე, რომ მე – ვიდრე მე კაცობრიობის მომავალზე და პრობლემებზე ფიქრით ვერ ვისვენებდი, თეორეტიზირებით ვიყავი დაკავებული, ჩემ ირგვლივ, ჩემს საახლობლოში ადამიანებს კონკრეტული პრობლემები, სატკივარები ჰქონდათ და ხელის შეშველება სჭირდებოდათ. მაშინ გადავწყვიტე, დე, კაცობრიობას ისევ იმან მიხედოს, ვისაც დღემდე უჩემოდ მოუხედავს, მე კი ვეცდები, უახლოესი ადამიანებით დაწყებული, ვისად გავწვდები, რაც ღმერთმა ძალა და ენერგია მომცა, არ მოვაკლო-მეთქი. ვერ ვიტყოდი, რომ რადიუსი უაღრესად ფართოდ გავშალე. აღმოჩნდა, რომ კონკრეტული, რეალური პრობლემების წინაშე დგომა უფრო ძნელია, ვიდრე კაცობრიობის მომავალზე მიწყივი ჯავრი. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა.
საკუთრივ ქველმოქმედებას რაც შეეხება. მე მუდამ ვთვლიდი, რომ ადამიანს შეუძლია ქველმოქმედი იყოს იმ ფარგლებში, რაც ღმერთმა მას მისცა. მე ღმერთმა მომცა შრომის ხალისი და ჯანმრთელობა, საჭიროდ რომ ჩაეთვალა, ბევრ ფულსაც მომცემდა. ვერ ვიტან, ვინმე სხვის ხარჯზე რომ ქველმოქმედებს. სხვისი ფულით, სხვისი ნაშოვნით მე კეთილი ვერ ვიქნები. შემიძლია კეთილი ვიყო მხოლოდ ჩემი შრომით, რასაც არ დავიზარებ.
სხვათა შორის, ქველმოქმედება აქ, ჩემს გარემოში, არსებობის ნორმაა. არ ითვლება რაიმე განსაკუთრებულ ამბად. შენც თუ არ დაკავდები ამ საქმით, ამაოდ გექნება იმედი, რომ გარემოში კუთვნილ ადგილს მიაგნებ. თავაზიანად, ეტიკეტის დაცვით მიგიღებენ, დაგემშვიდობებიან და მორჩა. აქ საქველმოქმედო საქმიანობაში როცა შენც ხარ ჩაბმული, თავს მეტ-ნაკლებად სრულყოფილ არსებად გრძნობ. ხან უსახლკაროებს სახლებს ვუშენებთ, ხან სადილები მიგვაქვს გაჭირვებულებისთვის, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე ვზრუნავთ, კორონას დროს ნიღბებს ვკერავდით, ადრე საქველმოქმედო მიუზიკლებს ვდგამდით, ჰუმანიტარულ ტვირთს ვაგროვებთ, ყუთებში ვაწყობთ და ასე შემდეგ, საქმეს და საკეთებელს სად რა გამოლევს!
– ჰობი… როგორც ვიცი, ბევრი გატაცება გაქვთ…
– გატაცებები მართლაც ბევრი მაქვს. აი, კოლექციონერობა – არ გამომდის. ჩემი და – ანა ახალგაზრდობაში ფილატელისტიკით იყო მწარედ გატაცებული და პირდაპირ აკანკალებდა და აძაგძაგებდა, ახალ მარკას რომ იშოვიდა. მე ერთ მშვენიერ დღეს წავედი და მშრალ ხიდთან ერთიანად, ძალიან იაფად შევიძინე იმაზე უკეთესი კოლექცია, ვიდრე ანამ მთელი ცხოვრება აგროვა და მივართვი. ეწყინა… რა ეწყინა? – ვფიქრობ, განსხვავება. განსხვავება – ქიმიაშია. ეს რაღა შუაშია?! – ნეტარებისმგვრელი რეაქციები, ნირვანები, რაც მას და, ზოგადად, კოლექციონერებს მოსდით და გამოუცდიათ, სამწუხაროდ, ამ მხრივ, ჩემთვის – მიუწვდომელია, ჩემი სიტლანქით კი გული ვატკინე.
– აშშ-ში, ტენესის დედაქალაქ ნეშვილში ცხოვრობთ. გვიამბეთ ოჯახზე… როგორ გაიცანით მეუღლე, შვილზე, შვილიშვილზე…
– არ უყვართ ჩემი ოჯახის წევრებს, მათზე რომ ვლაპარაკობ. მიკრძალავენ, თორემ ეს დაუსრულებლად შემიძლია. მოკლედ კი – ჩვენთან ძალიან ახლოს ცხოვრობენ, ფაქტობრივად ერთი ოჯახი ვართ და ორი შვილიშვილი გვყავს. უფროსი “თინეიჯერია” და ყველაფერი ყველაზე კარგად იცის, მეორე ჯერ პატარაა და ვცდილობთ, ყოველი შესაძლებლობა გამოვიყენოთ ერთად ყოფნისა.
– ხშირად ეხმიანებით ფეისბუქზე დედას… რას ეტყოდით ახლა?
– დედიკო, შენ ოღონდ საკუთარ თავს გაუფრთხილდი და კიდევ შენს პუდელს, ჩვენი დარდი ნუ გექნება.
– თქვენი ცხოვრების ციტატა…
გალაკტიონის “მე მივდიოდი და ვეცემოდი,
ისევ ვდგებოდი და მივდიოდი”…
ავტორი: თამარ შაიშმელაშვილი
წყარო: kvira.ge