გაერთიანებულ სამეფოში კვირას, დედოფალ ელისაბედ მეორის გლოვისა და ცხოვრების მიმართ პატივისცემას, წუთიერი დუმილი მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოხატავენ, – ამის შესახებ ინფორმაცია დაუნინგ სტრიტმა გაავრცელა. მათივე ცნობით, წუთიერი დუმილი კვირას, 18 სექტემბერს ბრიტანეთის დროით 20:00 საათზე გაიმართება. პრემიერ-მინისტრის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, მოქალაქეებს წუთიერი დუმილით დედოფლის მიმართ პატივისცემის გამოხატვა მეგობრებთან და მეზობლებთან ერთად შეუძლიათ სახლებში ან ქუჩაში.
„მოვუწოდებთ ადგილობრივ სათემო ჯგუფებს, კლუბებს და სხვა ორგანიზაციებს, აღნიშნონ ეს მომენტი და თუ საზღვარგარეთ იმყოფებით, გამოხატეთ პატივისცემა წუთიერი დუმილით ადგილობრივ დროს”, – აცხადებენ პრემიერის ოფისში.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში 19 სექტემბერს გაიმართება. დედოფლის ცხედარი შოტლანდიაში, ედინბურგის ჰოლირუდჰაუსის სასახლეში გუშინ გადაასვენეს. დღეს კი მას სენტ-გაილსის ტაძარში გადაასვენებენ, სადაც შოტლანდიელებს მასთან გამომშვიდობების და პატივის მიგების საშუალება ექნებათ.