კახა კალაძე- მერიას ბიუჯეტის ათვისების თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ აქვს და ყველა პროექტი „წარმატებით მიმდინარეობს“

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიას ბიუჯეტის ათვისების თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ აქვს და ყველა პროექტი წარმატებით მიმდინარეობს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანალიზზე, სადაც საუბარია, რომ თბილისის მერიამ რამდენიმე მსხვილი პროექტი, მათ შორის, მეტროს და ავტობუსების პროექტები 0%-ით შეასრულა, კახა კალაძე აღნიშნავს, რომ ავტობუსების შესყიდვა მომავალი წლისთვის მერიის მოთხოვნით გადავადდა. მეტროს ვაგონების შესყიდვასთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ გარკვეული პრობლემები საომარი მოქმედებების გამო შეიქმნა.

“დედაქალაქის მერია ყველაფერს აკეთებს. ბიუჯეტის ათვისების თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ აქვს. ყველა პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. ახალი 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა ჩვენი მოთხოვნით იქნა გადავადებული მომავალი წლისთვის. ეს იყო ჩვენი მიმართვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის მიმართ. ასევე მეტროს ვაგონების თემასთან დაკავშირებით საომარი მოქმედებების გამო გარკვეული პრობლემები შეიქმნა და ამასთან დაკავშირებითაც ჩვენ ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ, რომ წლის ბოლოსთვის უკვე შესაძლებელი იქნება ხელშეკრულებებზე ხელის მოწერა და მომდევნო 2 წლის განმავლობაში დედაქალაქის მუნიციპალიტეტი 40 ახალ ვაგონს მიიღებს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანალიზი გამოაქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ 0%-ით შესრულდა ანუ თანხა საერთოდ არ დაიხარჯა 5 ქვეპროგრამაზე. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამათგან ყველაზე მაღალბიუჯეტიანი (47 მლნ ლარი) თბილისის მეტროს პროექტია, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება. შემდეგ მოდის თბილისის ავტობუსების პროექტი (23.8 მლნ ლარი), რომელიც იმავე ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.