ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის იმპიჩმენტის საკითხს აყენებს

საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრის, ლევან კობერიძის შეფასებით, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ არა მხოლოდ რეგლამენტი დაარღვია იმით, რომ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე არ გამოცხადდა, არამედ ამით კომიტეტის წევრებისა და პარლამენტის უპატივცემულობა გამოავლინა:

„თქვენ ძალიან სწორად აპელირებთ და ეყრდნობით თქვენი არგუმენტაციის დროს კომიტეტში რეგლამენტს, წესებსა და ასე შემდეგ. აქ უკვე ნამდვილად შემიძლია, თქვენ მიმართაც გამოვთქვა პრეტენზია, ისევე როგორც ჯანდაცვის მინისტრის მიმართ, რომ სწორედ რეგლამენტი დაირღვა ჩვენს კომიტეტში მისი მხრიდან უახლოესი ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში, როდესაც ფრაქციით იყო დაბარებული კომიტეტში და არცერთხელ მოვიდა. როდესაც კომიტეტის უმრავლესობამ, ანუ მმართველი პარტიის წევრებმა უყარეთ კენჭი მის მოსვლას და არ მოვიდა.

ქალბატონი მინისტრი ამის ნაცვლად აგზავნის გაურკვეველ წერილებს, ცოტა ეპისტორალურ ჟანრში, მგონი მიმართულება არის საჭირო, რადგან რეგლამენტის მიხედვით, ვინ არის ადრესატი, უნდა იცოდეს, უკვე ერთი წელია მინისტრია. გამოგიგზავნათ წერილი, რომ ივნისის ბოლოს აუცილებლად მოვიდოდა, თქვენც გთხოვათ, რომ გაგეთვალისწინებინათ კომიტეტში ამ საკითხების განსახილველად. დღეს ივნისის თვის ბოლო დღეა, როდესაც არის კომიტეტი და მას კვლავ ვერ ვხედავთ ჩვენს კომიტეტში. ვამბობ, ეს არის კომიტეტის, მისი წევრების, თქვენი პარლამენტის უპატივცემულობა და რეგლამენტის დარღვევა. წესით, მინისტრის იმპიჩმენტის საკითხი უნდა იწყებოდეს, რომელსაც 50 დეპუტატი სჭირდება იმისთვის, რომ ეს პროცესი დაიწყოს. ახლა მინისტრს ჯარიმას ვერ დავუწესებთ ან საყვედურს ვერ გამოვუცხადებთ პირად საქმეში შეტანით.

ჩემთვის ძალიან საკვირველია, როდესაც ამაზე მწვავედ არც კომიტეტი რეაგირებს, არც პარლამენტის თავმჯდომარე, არც მთავრობის მეთაური და ასე შემდეგ, მაგრამ რას ვიზამთ, ეს ყოფილა მეცხრე მოწვევის პარლამენტის ბედი“

“ალია”