ანა ნაცვლიშვილი – მნიშვნელოვანია, რომ წინა სახალხო დამცველების მიერ დამკვიდრებული მაღალი სტანდარტი არ დაეცეს და მომავალმა ომბუდსმენმა ასე პრინციპულად უნდა გააგრძელოს პროცესი.
„ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, არსებითი საკითხია არა სახალხო დამცველის შერჩევის წესი, არამედ, რამდენად მზად არის ხელისუფლება ისეთი სახალხო დამცველის ასარჩევად, რომელიც იმუშავებს ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე.
ამასთან, ნაცვლიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, წინა სახალხო დამცველების მიერ დამკვიდრებული მაღალი სტანდარტი არ დაეცეს.
„სახალხო დამცველის შერჩევისას წესი არ არის არსებითი საკითხი, არსებითი საკითხია, მზად არის თუ არა ხელისუფლება, მიიღოს ისეთი სახალხო დამცველი, რომელიც არ იქნება მისი მაქებარი, დითირამბების მომღერალი და რომელიც იმუშავებს ქვეყანაში არსებულ არაერთ პრობლემაზე, რაც მისი დანიშნულებაა. ვიდრე ხელისუფლება არ გაიაზრებს, რომ სახალხო დამცველი არ არის ძიძა, არამედ არის მოქალაქეების მთავარი გვერდში მდგომი, რომელმაც ისინი ხელისუფლების უკანონობისგან უნდა დაიცვას, სამყაროში სხვა წესი არ არსებობს, რომელიც დააზღვევს ხელისუფლების არასწორ მოქმედებებს ამ გააზრების გარეშე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინა სახალხო დამცველების მიერ დამკვიდრებული მაღალი სტანდარტი არ დაეცეს და მომავალმა ასე პრინციპულად უნდა გააგრძელოს პროცესი. კანდიდატებს მოვუწოდებ, რაც შეიძლება ძლიერმა კანდიდატებმა მიიღონ მონაწილეობა, რადგან ამის გარეშე ეს პროცესი ვერ შედგება“, – განუცხადა ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პირველ არხს.
საქართველოს პარლამენტი სახალხო დამცველის კანდიდატთა შერჩევის პროცესს დღეიდან იწყებს. როგორც აღინიშნა, სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთა განცხადებები 2022 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით მიიღება.
წყარო: newposts.ge