ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორიო, მარინა ეზუგბაიას განცხადებით 3 ახალი შემთხვევიდან 2 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლები, შემოტანილი შემთხვევა და ერთი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ისევ სტაბილური სიტუაცია გვაქვს. გუშინ მხოლოდ 3 ახალი შემთხვევა დაგვემატა და გახდა 931, გამოჯანმრთელდა მხოლოდ ერთი და გახდა 795, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 85-%-ზე მეტია“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
ქვეყანაში კორონავირუსი 931 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 795 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.