სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის მიერ ოფიციალურად აკრძალული EuroPride 2022-ის მონაწილეები, შაბათს, 17 სექტემბერს, ბელგრადში საკონსტიტუციო სასამართლოს შენობიდან ტასმაიდანის პარკისკენ გაემართნენ, სადაც კონცერტი გაიმართა. როგორც სერბული ტელეარხი RTS იტყობინება, დაკავებულია 64 ადამიანი. შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ ვულინმა განაცხადა, რომ დაშავდა 13 სამართალდამცველი და დაზიანდა პოლიციის ხუთი მანქანა.
თავის მხრივ, EuroPride-ის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ღონისძიების ხუთზე მეტ მონაწილეს თავს დაესხნენ “ხულიგნები და სხვა აგრესიული ჯგუფები, როდესაც ისინი ღონისძიებიდან დაბრუნდნენ”. მსხვერპლთა შორის ძირითადად არიან უცხოელები გერმანიიდან და ალბანეთიდან, განაცხადეს ორგანიზატორებმა.
ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ EuroPride 2022-ს თითქმის 10 000 ადამიანი დაესწრო, ვინც თანასწორობისა და ადამიანის უფლებების მომხრე იყო.
“დღეს ბელგრადმა უმასპინძლა ყველაზე დიდ გეი აღლუმს ისტორიაში და ჩვენ ყველამ უნდა ვიამაყოთ ამით”, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზატორებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს მოხალისეებს, “რომლებიც უკიდურესად რთულ პირობებში ზრუნავდნენ აღლუმის მონაწილეთა უსაფრთხოებაზე”.
EuroPride არის ლგბტ თემის მხარდასაჭერი ღონისძიებების სერია, რომელიც ყოველწლიურად იმართება ევროპის სხვადასხვა ქალაქში 1992 წლიდან და სრულდება აღლუმით.
აგვისტოს ბოლოს 145-მა ევროპარლამენტარმა გაუგზავნა წერილი სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს და მოითხოვა, რომ მიმდინარე წელს ღონისძიება ჩატარებულიყო სექტემბრის შუა რიცხვებში, როგორც დაგეგმილი იყო. “პრაიდები იყო და რჩება ლგბტ თემის ყურადღების მიქცევის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად”, – ნათქვამია პარლამენტარების წერილში.
მანამდე ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ხელისუფლება აჩერებდა ევროპრაიდის აღლუმს დედაქალაქში, მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო. სერბეთის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ღონისძიება უნდა გაუქმებულიყო ან გადადებულიყო კოსოვოსთან ბოლოდროინდელი დაძაბულობის, ასევე ენერგეტიკისა და კვების პრობლემების გამო.
EuroPride-ის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ღონისძიება ოფიციალური ბელგრადის გადაწყვეტილების მიუხედავად, მაინც ჩატარდებოდა. “სახელმწიფოს არ შეუძლია გააუქმოს EuroPride. მას შეუძლია მხოლოდ სცადოს მისი აკრძალვა, რაც კონსტიტუციის აშკარა დარღვევა იქნება”, – ხაზგასმით აღნიშნა კოორდინატორმა მარკო მიხაილოვიჩმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა აკრძალვა 13 სექტემბერს.
17 სექტემბერს დილით შსს-ს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აკრძალვა ძალაში შევიდა.
ევროკავშირის კანდიდატის – სერბეთის – ოფიციალურმა გადაწყვეტილებამ, არ ჩაატაროს ღონისძიება, საერთაშორისო პროტესტი გამოიწვია. 20-ზე მეტი ქვეყნის საელჩოებმა, მათ შორის გერმანიის, აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის, ბელგრადის მთავრობას მოუწოდეს, ოფიციალურად დაეშვა მსვლელობა.
2015 წელს ლატვია გახდა პირველი ქვეყანა ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე, რომელმაც ევროპული მასშტაბის გეი-პრაიდს უმასპინძლა. ღონისძიების ერთ-ერთი მიზანი ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებებზე ყურადღების მიქცევაა.