რეკორდული ფასები ენერგოშემცველებზე ევროპაში: რა ღირს ელექტროენერგია გერმანიაში?

არა მხოლოდ  გაზის ფასი იზრდება სწრაფად. ახლო მომავალში მომხმარებლებს ელექტროენერგიის უფრო მაღალ გადასახადებთან ადაპტაციაც მოუწევთ. სექტემბრის დასაწყისში, Verivox-ის სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით, ელექტროიენერგია 1 კილოვატ/საათში წლიური  4000 კილოვატის მოხმარების შემთხვევაში,  ღირდა თითქმის 52 ცენტი. ეს არის 20 ცენტით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იყო. ე. წ. განახლებადი ენერგიების განვითარებისთვის შემოღებული გადასახადის  (ე. წ. EEG-Umlage) გაუქმებაც კი არ აჩერებს ელექტროენერგიაზე ფასების რეკორდულ ზრდას.

ელექტროენერგიის ანგარიშის“ მიხედვით, ფასების მნიშვნელოვან ზრდას განსაკუთრებით სამი ფაქტორი უწყობს ხელს. მნიშვნელოვანი ფაქტორია ელექტროენერგიის ფასის განვითარება ელექტროენერგიის ბირჟაზე. საბითუმო ფასები აქ თვეების განმავლობაში სწრაფად იზრდება. მაღალ ფასებს განაპირობებს გაზის მტკივნეული ბაზარი. უკრაინის ომის შედეგად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო მიწოდება დაბალია, ან, როგორც ეს ამჟამად ხდება Nord Stream 1 გაზსადენის შემთხვევაში, სრულიად არ არის.

გაზის ფასი იზრდება და ასევე იზრდება წიაღისეული საწვავიდან ელექტროენერგიის გამომუშავების ხარჯები.

მიწოდების შეფერხების გამო გაზი გერმანიაში დროებით უნდა შეიცვალოს, როგორც ენერგიის წყარო. მაგრამ, ვინაიდან განახლებადი ენერგიის წყაროები არ გამოიმუშავებენ საკმარის ელექტროენერგიას დეფიციტის აღმოსაფხვრელად, ასევე გამოიყენება მოძველებული ენერგიის წყაროები, როგორიცაა მურა ნახშირი. კომპანიებმა უნდა გადაიხადონ CO₂ გადასახადი წარმოებული ემისიებისთვის. შესაბამისი სერთიფიკატები 1 ტონაზე 100 ევრომდე ღირს. ეს დამატებითი ხარჯები გადაეცემა საბოლოო მომხმარებელს და ასევე მოქმედებს ელექტროენერგიის ფასზე.

გარდა ამისა, ქსელის გადასახადები წელს გერმანიაში საშუალოდ თითქმის სამი პროცენტით გაიზარდა. ქსელის საფასური შედგება გადამცემი სისტემის ოთხი ოპერატორის ფასებისაგან. გერმანიაში ეს ოპერატორები არიან Tennet, TransnetBW, 50Hertz და Amprion. გასულ წელს ოპერატორებმა ქსელის გადასახადების ზრდა ელექტროქსელში ინვესტიციებით და ზოგადად ხარჯების გაზრდით ამართლეს. „ელექტროენერგიის ანგარიშის“ მიხედვით, ქსელის გამოყენების საფასური ყველაზე მეტად გაიზარდა ბრემენის ფედერალურ მხარეში (თერთმეტი პროცენტი), ჰამბურგში (რვა პროცენტი) და მეკლენბურგ-პომერანიაში (შვიდი პროცენტი). ყველაზე მცირე ზრდა დაფიქსირდა ქვემო საქსონიის, საქსონიისა და საქსონია-ანჰალტის ფედერალურ მხარეებში.

ზოგადად, ენერგიის ხარჯები ახალ ფედერალურ მხარეებში გარკვეულწილად უფრო მაღალია, ვიდრე ძველ ფედერალურ მხარეებში. ეს ძირითადად იმით არის განპირობებული, რომ აქ ნაკლები ხალხი ცხოვრობს და მეტია სოფლის მოსახლეობა. ეს ზრდის ქსელის გადასახადს.

„ელექტროენერგიის ანგარიშში“ ქსელის საფასურზე ნათქვამია:

„საფასური დგინდება ქსელის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის აბონენტების რაოდენობის მიხედვით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხარჯების ტვირთი სოფლად გაცილებით ნაკლები რაოდენობის ადამიანებს შორის ნაწილდება, ვიდრე ქალაქში“.

განსხვავება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ასევე აიხსნება აღმოსავლეთ ფედერალურ მხარეებში ქსელების მოდერნიზაციით. 2017 წელს ფედერალურმა მთავრობამ უკვე გადაწყვიტა ქსელის გადასახადების ჰარმონიზაცია, რამაც უნდა დააახლოოს ფასები აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.

რეგიონიდან გამომდინარე, ქსელის გადასახადი შეადგენს ელექტროენერგიის მთლიანი ფასის 1 მეოთხედამდე. თუმცა, ელექტროენერგიის საფასურის დიდი ნაწილი ახლა უკვე პროვაიდერებზეა დამოკიდებული. ისინი პასუხისმგებელნი არიან წარმოებაზე, ტრანსპორტირებასა და გაყიდვებზე. ელექტროენერგიის ფასში შედის პროვაიდერის მარჟაც. მაღალი გენერაციის ხარჯების გამო ელექტროენერგიის კომპანიების ხარჯები იზრდება, რაც თავის მხრივ ამ ტვირთს გადასცემს საბოლოო მომხმარებელს. შედეგად, მათი წილი ელექტროენერგიის ფასის შემადგენლობაში წინასთან შედარებით გაიზარდა.

ელექტროენერგიის ფასში სახელმწიფო წილი დაახლოებით მეოთხედია. აქ, სხვა საკითხებთან ერთად, მოქმედებს ელექტროენერგიის გადასახადი 2,05 ცენტი კილოვატ საათზე და დამატებული ღირებულების გადასახადი 19 პროცენტი. გარდა ამისა, ელექტროქსელის ოპერატორებმა უნდა გადაუხადონ გადასახადი მუნიციპალიტეტებსა და ქალაქებს, საზოგადო სარგებლობაში არსებული გზების გამოყენებისათვის. ფასი დამოკიდებულია ადგილობრივ ინფრასტრუქტურაზე და მოსახლეობის რაოდენობაზე.

ღიად რჩება საკითხი, თუ როგორ იმოქმედებს დაგეგმილი ჩარევა დენის საფასურის ზრდის შესაჩერებლად. იმისდა მიხედვით, რომელი მოხმარება დადგინდება ფიქსირებული ფასებით, დენი მართლაც შეიძლება შედარებით გაიაფდეს. თუმცა თანმხლები პრობლემა აქაც იჩენს თავს: ბევრი საწარმო, რომელიც დენის გამომუშავებაში მონაწილეობს, ნაკლებ შემოსავალს მიიღებს, რაც ისედაც გამძაფრებულ ეკონომიკურ ვითარებას კიდევ უფრო გაამძაფრებს. თვით სპეციალისტებიც ვერ ბედავენ პროგნოზის გაკეთებას, თუ როგორ გავლენა ექნება დაგეგმილ ფასების “მუხრუჭს”.

 

კლემენს ჰანდკე

Business Insider / Yahoo.de