საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მომხდარი თავდასხმის ადგილზე მივიდა.
სავარაუდოდ, ის ამ დროისთვის უწყების მაღალჩინოსნებთან ერთად საგანგებო თათბირს მართავს.
ადგილზე სამართალდამცველების გარდა, ექიმებიც არიან მობილიზებული, თუმცა, მედიკოსებს ჯერჯერობით არ ეძლევათ საშუალება, შენობაში მყოფ მძევლებს სამედიცინო დახმარება გაუწიონ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი მძევალი შეუძლოდ გახდა.
„გემუდარები, პატარა ბავშვი მელოდება სახლში. მოიტანენ ფულს“, – აცხადებს გავრცელებულ ვიდეოში ერთ-ერთი მძევალი.
შეიარაღებული პირი ბანკში დაახლოებით 4 საათის წინ შეიჭრა. თავდამსხმელი რუსულ დროშას, ანკესს, ვერტმფრენს და 2 მილიონ დოლარს მოითხოვს. მის მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირი სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობით არის შეიარაღებული და იმუქრება, რომ თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდება, სახიფათო იქნება. ბანკთან მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.