ადვოკატი – „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის შვილს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა აქვს – რაც შეეხება ასაფეთქებელ მოწყობილობას, ის სათამაშოებიდან იყო აწყობილი

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული გრიგოლ ნარსიას ადვოკატი  პირველ კომენტარს აკეთებს და თავდასხმის სავარაუდო მიზეზზე საუბრობს.

როგორც უფლებადამცველი აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს რამდენიმე წუთით შევხდა. ადვოკატის თქმით, გრიგოლ ნარსიას შვილს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა აქვს და ვარაუდობს, რომ ბანკში შეჭრაც სწორედ აღნიშნულსა და მძიმე სოციალურ მდგომარეობას უკავშირდება.

„საქმის მასალების გასაცნობად ახლა მივდივარ, მეტი ინფორმაცია მოგვიანებით მექნება, ვინაიდან ბრალდებულს კვლავ უნდა შევხვდე დ საქმესთან დაკავშირებით, მეტი ინფორმაცია მექნება. ძალიან მოკლეხნიანი შეხვედრა მქონდა, თავის ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი, შვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აქვს კარგი, ეს ვიცი მისგან. ამ ფაქტამდე ჰყავდა შვილი ცუდად, ვფიქრობ, რომ ბანკში შესვლაც სწორედ უსახსრობის გამო მოხდა. შვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს“, – აღნიშნავს ადვოკატი.

კითხვაზე, თუ რას ამბობს მისი დაცვის ქვეშ მყოფი ხელყუმბარასთან დაკავშირებით, ადვოკატი პასუხობს, რომ გრიგოლ ნარსიას განმარტებით, „შესაძლოა, ის ნამდვილი არ იყოს“, დანარჩენი მოწყობილობები კი, რაც ტანზე ჰქონდა, ის სათამაშოებიდან ააწყო“.

„იარაღთან, ასაფეთქებლებთან დაკავშირებით საუბარი მქონდა, ასაფეთქებლები ნამდვილი არ იყო, სათამაშო იყო ეს ყველაფერიო. ხელყუმბარასთან დაკავშირებით დავუსვი შეკითხვა და შესაძლებელია, ხელყუმბარაც ნამდვილი არ იყოსო, ასეთი პასუხი გამცა. ტანზე რაც ჰქონდა, ყველაფერი სათამაშოდან იყო აწყობილიო“, – აცხადებს „ინტერპრესნიუსთან“ უფლებადამცველი.

მისივე თქმით, გრიგოლ ნარსია დიდი ხნის წინ, დაცვის პოლიციაში მუშაობდა, ახლა კი, უმუშევარი იყო. ადვოკატი ფიქრობს, რომ მუხლები, რითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, საბოლოოდ, გამოყენებული არ იქნება.

ცნობისთვის, გუშინ, ქუთაისში, 38 წლის გრიგოლ ნარსია, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა, ის 2 მლნ დოლარს ითხოვდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გრიგოლ ნარსიასთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ.