ხმის დათვლის წინასწარი შედეგებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა რეფერენდუმზე მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა.
რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ბიულეტენების 10.4%, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო ცვლილებებს რუსეთის ამომრჩევლების 70.8%-მა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი წავიდა 28.1%.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინი კონსტიტუციაში მთელი რიგი ცვლილებების შეტანის ინიციატივით მიმდინარე წლის იანვარში გამოვიდა. ცვლილებები უკვე დაამტკიცეს პარლამენტმა და უზენაესმა სასამართლომ, თუმცა მათ ძალაში შესვლამდე საერთო სახალხო კენჭისყრა იყო საჭირო. პრეზიდენტს რეფერენდუმის თარიღად 22 აპრილი ჰქონდა არჩეული, თუმცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაგეგმილი რეფერენდუმი გადადო.
ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული რეფერენდუმის გამართვა 1-ელ ივლისს გადაწყდა, თუმცა ჯანდაცვითი ნორმების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ხმის მიცემის პროცესი უკვე რამდენიმე დღის წინ დაიწყო. დღეს კი რეფერენდუმში ხმის მიცემის ძირითადი დღე იყო.
როგორც ცნობილია, ცვლილებები პუტინს 2036 წლამდე ძალაუფლების გახანგრძლივების იურიდიულ საფუძველს უქმნის.
“აიპიენი”