წყალდიდობა იტალიაში – დაკარგული 8 წლის მატიას ცხედარი მე-8 დღეს იპოვეს

წყალდიდობა იტალიაში – დაკარგული 8 წლის მატიას ცხედარი მე-8 დღეს იპოვეს.

დღეს საღამოს ცნობილი გახდა, რომ ტრეკასტელის მინდორში იპოვეს წყალდიდობისას დაკარგული 8 წლის ბიჭუნას, მატიას ცხედარი, რომელსაც 15 სექტემბრიდან ეძებენ.

ბიჭუნას უსულო სხეული სოფლის საბავშვო ბაღის თანამრომელმა აღმოაჩინა: ქალმა იგი მდინარე ნევოლის (Nevola) კალაპოტიდან დაახლოებით 200 მეტრში შეამჩნია, რის შესახებაც მიწის მეპატრონეს შეატყობინა, ამ უკანასკნელმა კი კარაბინერები გამოიძახა. პოვნის მომენტში ბიჭუნას ყვითელ-მწვანე პერანგი ეცვა. ცხედარი გახრწნის სტადიაშია, ამიტომ ამოცნობისთვის აუტოპსია და დნმ-ექსპერტიზა აუცილებელია, რომელთა ჩატარებაზეც პროკურორმა უკვე გასცა სანქცია. აუტოპსია შესაძლოა ხვალ ჩატარდეს.

ამ დროისთვის ბავშვის ცოცხლად პოვნის იმედი უკვე აღარ არსებობს“ – უთხრა „ანსას“ მატიას მამამ, ტიციანო ლუკონიმ და დასძინა, რომ არც ის და არც მატიას დედა არ ჩავლენ იქ, სადაც ბავშვის ცხედარი იპოვეს.

„ვიცი, რომ მისი ცოცხლად პოვნა უკვე შეუძლებელია, მაგრამ საფლავი მაინც მინდა მქონდეს, რომ ვიტირო“, – უთხრა ჟურნალისტებს დამწუხრებულმა დედამ, რომელიც იმ ადგილას ჩავიდა, სადაც ბავშვს ეძებდნენ, რათა მაშველებისთვის ეთხოვა, რომ არ შეეწყვიტათ მისი შვილის ძებნა.

8 წლის ბიჭუნას ცხედარი დაახლოებით 13 კმ-ის დაშორებით იპოვეს ფარნეტოდან, ანკონის პროვინციის ქალაქ ქალაქ კასტელეონე დი სუზადან, სადაც 15 სექტემბრის საღამოს მატიამ და დედამისმა მანქანა დატოვეს მოვარდნილი წყლის გამო (ფანჯრიდან გადმოძვრნენ), შემდეგ კი ბიჭუნა წყალმა დედას, სილვია მერეუს ხელიდან გამოჰგლიჯა და გაიტაცა. ქალი შემთხვევის ადგილიდან ორიოდე კილომეტრში იპოვეს გათოშილი და დაშავებული, თუმცა ცოცხალი, ბიჭს კი არ გაუმართლა და დაიღუპა.

დღეს, მარკეს რეგიონში, ანკონაში მომხდარი წყალდიდობის მე-8 დღეს, რომელმაც 12 ადამიანი შეიწირა (8 წლის მატიას ჩათვლით, რომელიც აქამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა), კიდევ გრძელდება 56 წლის ქალის – ბრუნელა ჩიუს ძებნა, რომელიც 15 სექტემბრის შემდეგ გაუჩინარდა. მისი ცოცხლად პოვნის იმედიც უკვე აღარ არსებობს.

ვიდეო: უამინდობა მარკეში – მყვინთავები ნევოლის აუზში 2 დაკარგულის ძებნას აგრძელებენ.

 

წყარო: newposts.ge