საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები ყოველთვის იწვევდა ეჭვს. სხვა ქვეყნების მოსახლეობის გამოკითხვა სინამდვილესთან მიახლოებულად მიმაჩნდა და მიმაჩნია, მარტივი მიზეზის გამო — რესპონდენტთა პასუხისმგებლობა.
საქართველოს მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ახალი ხილია — ჯერ-ჯერობით სერიოზულობას მოკლებული, ფუქსავატური თამაშის მსგავსი, ამდენად სატელეფონო კითხვებზე პასუხის გაცემაც ზერელე, ზედაპირულია, ხშირ შემთხვევაში – დაუფიქრებელი.
გამოკითხვის ორგანიზატორთა გასაგონად: ტელეფონით დასმული კითხვა, რომელიც პასუხის უმალ გაცემას მოითხოვს, აქ, საქართველოში ვერ მოიტანს ისეთ შედეგს, რომელიც სინამდვილესთან იქნება მიახლოებული.
რესპონდენტთა პირისპირ გამოკითხვა ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამდენად, რომ იტყვიან „ტელეფონი და მისი ჯანი“.
არის სხვა ფაქტორიც, რომელიც რესპონდენტის ქვეცნობიერ შიშს უკავშირდება. მას ჰგონია, რომ მისი პასუხით სპეცსამსახურები დაინტერესდებიან, რასაც უდავოდ მოჰყვება სადამსჯელო მოქმედება.
არჩევნების დროს, ხმის მისაცემ კაბინაში შესული რომ შიშობს, კამერა დააფიქსირებს ვის მივეცი ხმაო, მისგან, გამოკითხვის დროს კითხვაზე პასუხის გაცემა არ იქნება სინამდვილის შემცველი.
გარდა აღნიშნულისა, მთავარი მაინც გამოკითხულის მხრიდან გამოკითხვის მიმართ არასანდო დამოკიდებულებაა, რაშიც ის მართალია. სხვას ვერაფერს ვიტყვი საქართველოში ჩატარებულ გამოკითხვებთან მიმართებაში.
გამოკითხვებთან დაკავშირებით ბევრი დაიწერა და ითქვა, უმთავრესად კრიტიკა, გამოკითხვით უკმაყოფილო პარტიის მხრიდან. არის დადებითი შეფასებებიც გამოკითხვით კმაყოფილ პარტიათა მხრიდან.
გამოკითხვებს პარტიებიც ატარებენ, მათთვის სასურველი შედეგით, თუმცა ძალიან შორს სინამდვილისგან.
გამოკითხვების ჩატარებაში გამოირჩევა ორი ამერიკული ინსტიტუტი — აშშ-ს ორი მთავარი პარტიის სახელით მოქმედი, NDI და IRI. პირველი, დემოკრატიული პარტიის, მეორე — რესპუბლიკურის. აი, ამ ინსტიტუტების საქართველოში მომუშავე ფილიალები წლის განმავლობაში რამდენჯერმე ატარებენ გამოკითხვებს დაქირავებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით.
საქმე მარტივია, NDI-ის ან IRI-ის საქართველოს ოფისი, სათანადო ანაზღაურებით, ქირაობს ადგილობრივ სოციალურ ინსტიტუტს, რომელიც ტელეფონით უკავშირდება რესპონდენტს შესაბამისი კითხვებით.
გამოკითხულთა არეალი, რომ ყოვლისმომცველი არ არის, გამოკითხულთა რაოდენობიდანაც ჩანს, რომელსაც ფართო საზოგადოებას აცნობენ გამოკითხვის დამთავრების შემდეგ.
გამოკითხვის შედეგებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში ტრიალებს აზრი, რომ გამოკითხულთა რაოდენობა დასახელებულზე გაცილებით ნაკლებია ან გამოკითხვის უშუალო ჩამტარებელმა საკუთარი ან დამკვეთის მოსაზრება მოგვახვია თავს და არა გამოკითხულის, ანუ ხალხის. და რაც უფრო მეტი დრო გადის, გამოკითხვის შედეგებში ჭარბობს ამერიკული ინსტიტუტებისადმი უნდობლობა.
საზოგადოება დარწმუნებულია, რომ NDI და IRI, გამოკითხვის შედეგებით ცდილობენ მათთვის სასურველის სინამდვილედ წარმოჩენას. მაგალითად, მათთვის სასურველი პოლიტიკური მოღვაწის ან პარტიის საზოგადოებისთვის ისე წარდგენას, თითქოს ის, საზოგადოება აღტაცებულია ამ პიროვნებით ან პარტიით, ან მთლიანად საზოგადოების დამოკიდებულებით პოლიტიკურ, სოციალურ საკითხებთან მიმართებაში.
არის საკითხები, რომლებიც IRI, NDI-თვის უმთავრესი და დიდი პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია, რომელთა დარღვევის უფლებაც მათ არ აქვთ, თუნდაც გამოკითხულთა აზრი სულაც არ იყოს ისეთი, როგორიც გამომკითხველს აინტერესებს.
ასეთი საკითხებია: მოსახლეობის სურვილი ნატოსა და ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით; ნეგატიური დამოკიდებულება რუსეთთან; უკრაინისთვის მხარდაჭერა; …
IRI-სა და NDI-სთვის უმთავრესი მიზანია, რომ საქართველოს საზოგადოება მხარს უჭერდეს ნატო-ევროკავშირში შესვლას და მხარდამჭერთა რაოდენობა 65-70% აჭარბებდეს — კი არ კლებულობდეს, პირიქით, მატულობდეს.
ამერიკული ინსტიტუტების მიზანი მარტივია — საქართველოს მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ მისი არჩევანი, მიუხედავად განვლილი წლებისა, არ იცვლება. გარდა ამისა, ისინი ვალდებულნი არიან სათავო ორგანიზაციას უპატაკონ წარმატებული მუშაობის შესახებ. წარმატება კი ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობა ძველებურად შეყვარებულია დასავლურ ორგანიზაციებზე, დასავლურ ღირებულებებზე, ფასეულობებზე, დემოკრატიაზე — ყველაფერ იმაზე, რასაც დასავლური ჰქვია.
ადგილი აქვს გამიზნულ ტყუილს. მიზანი? – საქართველოს მოსახლეობის დარწმუნება არჩეული კურსის სიკეთესა და მდგრადობაში. რესპონდენტი, რომელმაც უარყოფითი პასუხი გასცა კითხვას, შედეგის გამოქვეყნებისას, იძულებულია იფიქროს, რომ სხვა გამოკითხულებმა, მისგან განსხვავებით, დადებითი პასუხები გასცეს კითხვებს.
წლების განმავლობაში მიმდინარე ეს თვალთმაქცობა აღწევს თავის მიზანს. უმრავლესობას ჰგონია, რომ IRI, NDI-ის გამოკითხვა სრული ჭეშმარიტებაა. ურწმუნო თომათა აზრი, არცთუ მცირე, ვიღას აინტერესებს, როდესაც უმრავლესობა დარწმუნდა გამოკითხვის შედეგებში?
ახლა რაც შეეხება ბოლო გამოკითხვას ჩატარებულს NDI-ის მიერ. სიტყვა „მიუკერძოებელს“ ვერ გავიმეტებ მისთვის. აი, რაც შეეხება „მიკერძოებულს“ — კუბსა და კვადრატში ავიყვან. კარგა ხანია ესოდენი ტენდენციურობა ამ ინსიტუტის მიერ არ დაფიქსირებულა.
NDI-მ ყველაფერი იკადრა, თანაც ისე, სულ წითელი კოჭები უგორა სათავო ორგანიზაციას და აქაურ ოპოზიციას. და ეს ყველაფერი ხალხს დააბრალა, ანუ გამოკითხულებს.
მთავრობის მუშაობას ნეგატიურად აღიქვამს მოსახლეობა, საქართველოს საზოგადოებას სურს ნატოსა და ევროკავშირში შესვლა, მაგრამ ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ სურვილის ხელშესაწყობად. საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას სურვილი აქვს ნატოსა და ევროკავშირში შესვლის, ვინაიდან მათ მიიჩნევს ქვეყნის უსაფრთხოებისა და განვითარების მთავარ გარანტორად. მოსახლეობა თვლის, რომ ქვეყნის ეკონომიკა უმძიმეს დღეშია და ა.შ.
NDI-მ, ყოველგვარი მორიდების გარეშე, ბრძოლა გამოუცხადა საქართველოს ხელისუფლებას — არა თავისი პირით, არამედ ხალხის პირით. NDI-მ გადადგა ნაბიჯი ხალხის ასაქოჩრად საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ. NDI-მ ხალხს ათქმევინა ის, რაც არაერთხელ მოვისმინეთ ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან, კიევიდან — საქართველოს ხელისუფლების მიერ დასავლური დემოკრატიული კურსიდან გადახვევა და პრორუსული პოლიტიკის გატარება.
აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციისთვის მიუღებელია ყმა საქართველოს ხელისუფალთა მხრიდან წინააღმდეგობის გამოვლინება ისეთ საკითხებში, როგორებიცაა რუსეთისთვის სანქციების დაწესება, რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნა, რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაგრძელება, რუსული ტურიზმის ხელშეწყობა და ა.შ.
IRI—NDI-ის მუშაობა საქართველოში, რომელიც უმთავრესად საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში აისახება, ანტიქართული პოლიტიკის გამოხატულებაა, ამასთანავე ვაშინგტონის პოლიტიკის საქართველოსთვის თავსმოხვევის ნათელი მაგალითი.
ძნელია, ეჭვი შეიტანოთ ჩემს ნათქვამში ბოლო გამოკითხვის შედეგების შემდეგ; ძნელია დაიჯერო, რომ საქართველოს მოსახლეობა ესოდენ დაშორებულია რეალობისგან, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისგან;
ძნელია დაიჯერო, რომ მოსახლეობა ისე გადაქანდა, შავსა და თეთრს ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებდეს;
ძნელია დაიჯერო, რომ ქართველობამ არ იცოდეს ევროკავშირში მიმდინარე არასახარბიელო პროცესები, ნატოს მხრიდან ფაშისტური უკრაინის დახმარება;
ძნელია დაჯერება, რომ საქართველოს მოსახლეობას ყური არ ჰქონდეს მოკრული ევროკავშირში ენერგეტიკული კრიზისით გამოწვეული მაღალი ინფლაციის, უმუშავრობის, მასობრივი ანტისამთავრობო დემონსტრაციების თაობაზე — ხელისუფალთა გადადგომის მოთხოვნით;
ძნელია მის ყურამდე არ მისულიყო ლგბტ-ორგანიზაციის აღვირახსნილობის, პედარასტიის, ლესბოსელთა აგრესიული გამოხდომების შესახებ, ცისფერთა მოძრაობისთვის მწვანე შუქის ანთების თაობაზე, რისი მაგალითია დიდი შექსპირის „რომეო და ჯულიეტას“ ნაწარმოებზე შექმნილი რუსი კომპოზიტორის პროკოფიევის ბალეტის მთავარი გმირების რომეოსა და ჯულიეტას, ორი ცისფერი ბალერონი მამაკაცის მიერ განსახიერება. ბალეტი ფრანგმა რეჟისორმა და ბალეტმეისტერმა დადგა.
რომელი ერთი ჩამოვთვალო? და თუ ზემოჩამოთვლილი შავი ცნობილია საქართველოს მოსახლეობისთვის და გამოკითხვის მიხედვით, უდიდესი უმრავლესობით მხარს უჭერს ამ სიშავის შემქმნელ ევროპულ „ფასეულობებში“ გაწევრებას, არ ყოფილა მოსახლეობის საქმე კარგად.
კარგად არყოფნა რბილად ნათქვამია. მას უფრო მენტალური ავადმყოფობა შეეფერება — ალცჰეიმერის მსგავსი, რომელიც არა მარტო ჭკუა-გონებას შლის, არამედ მთელ ორგანიზმს.
გამოკითხვის შედეგები, პროცენტული მაჩვენებლებით, არ შეცვლილა და ისეთივეა, როგორც წინათ, ანუ აშშ-ი (NDI-ს პირით) გვეუბნება, რომ საქართველოს სურს ნატო-ევროკავშირში ყოფნა; რომ ქვეყნის ევრო-ატლანტიკური კურსი არ შეცვლილა, უფრო სწორად ის გვიბრძანებს — არ შევცვალოთ. შეგვიშვებენ თუ არა — სხვა საკითხია. საქართველომ არ უნდა გაიხედოს რუსეთისკენ, არც სხვა მეზობლებისკენ. მან ევრო-ატლანტიკური მიმართულებით უნდა გააგრძელოს მზერა.
არადა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი რომ რუსეთს და მეზობელ ქვეყნებს უკავშირდება, იცის ამერიკამ. ისიც იცის, მაჩვენებლები რომ უმალ გაუარესდება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაუარესებასთან ერთად, მაგრამ ეს მას არ ანაღვლებს. არ ანაღვლებს ოპოზიციასაც. პირიქით, გაახარებს ეკონომიკური გაუსაძლისობა, ვინაიდან მძიმე სოციალური პირობები აიძულებს მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლას და ხელისუფლების დამხობას.
NDI, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოს ოპოზიციასთან ერთად შეხმატკბილებულად მოქმედებენ. მათი მიზანი — ვითომ პრორუსული ხელისუფლების დამხობაა.
ხელისუფლება ჯერ-ჯერობით არ ღალატობს მის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არდაწესების კურსს; არც მეორე ფრონტის გახსნას ეშურება, რაც არ მოსწონს ვაშინგტონს და გადაწყვეტილების შესაცვლელად მუდმივი პრესის ქვეშ ამყოფებს საქართველოს ხელისუფლებას.
საქართველოს ხელისუფლებამ იცის, თუ რას უკავშირდება ეკონომიკური წარმატება. იცის, რომ ფესვები წარმატებისა რუსული ტურიზმის და ბიზნესის წყალობაა. იცის ისიც, რომ მარტო აგვისტოში შემოსული ფულის სათავე რუსული ტურიზმია — 200000-ზე მეტი, ანუ გაცილებით მეტი, ვიდრე სომხური ტურიზმის — 130000 და აზერბაიჯანის — 100000. სხვაზე ლაპარაკიც ზედმეტია, მათ შორის ევროპულ ტურიზმზე.
საქართველოს ხელისუფალთა ამაყი განცხადება — ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, სათქმელად კარგია, მაგრამ სახრავად? სახრავად ხალხს ვკითხოთ — რა მოუტანა მას ეკონომიკურმა წინსვლამ?
NDI-ს გამოკითხვაში ამაზეცაა გამახვილებული ყურადღება, ვინაიდან გამოკითხულთა აზრით, ეკონომიკურ-სოციალური ვითარება უმძიმესია!
ამ დარგში NDI არ ცოდავს და რომ არ, მიზეზიც აქვს — ხელისუფლების მიუღებლობა. ოპოზიცია რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, მათ შორის ნაციონალები, NDI არ ახსენებდა წარუმატებელ ეკონომიკას.
ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ეკონომიკური წარმატება თუ ხალხის ცხოვრების დონეზე არ აისახება — გაუმჯობესების მიმართულებით, ლიტონ სიტყვებად დარჩება, რომელთა მთავარი მიზანი უცხოელებთან სიტყვიერი ჟონგლიორობაა.
ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ რუსი ტურისტების საქართველოში მოგზაურობა დაცული უნდა იყოს. მათ არ უნდა აწვალებდნენ საზღვარზე გაუგებარი შეკითხვებით. ასეთი მან უნდა გამოიყენოს ანტირუსი ვიზიტორის მიმართ და არა ხელაღებით ყველა რუსი ტურისტის მიმართ.
ხელისუფლებამ მკაცრად უნდა დასაჯოს ადგილობრივი, ვინც შეურაცხყოფას აყენებს რუს ტურისტს, აიძულებს მას ჩავიდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან, უკრძალავდეს კაფესა და რესტორანში შესვლას, არ იღებდეს სასტუმროში და ა.შ.
ხელისუფლებამ მკაცრი ზომები უნდა გაატაროს იმ მძღოლების მიმართ, ვისაც ავტომანქანებზე რუსეთის და მისი პრეზიდენტის სალანძღავი, უწმაწური სიტყვები აქვთ მიწებებული.
ხელისუფლებამ უნდა აუკრძალოს ბანკებს უკრაინული ლოზუნგების და დროშების დემონსტრირება. ბანკებმა უნდა იცოდნენ, რომ ლოზუნგი „სლავა, უკრაინე! გეროიამ სლავა!“ ფაშისტურია და უკრაინელი ფაშისტები, ბანდერელები იყენებდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს.
ხელისუფლებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს რუსეთთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად, რითაც მან უნდა შეასრულოს 2012 წელს, არჩევნების წინ, ხალხისთვის მიცემული დაპირება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი