უდიდესი გერმანული ოპოზიციური პარტიის ლიდერი: უკრაინელი ლტოლვილების პრობლემა იზრდება, მთავრობა პრობლემას უყრუებს!

გერმანიის უდიდესი ოპოზიციური პარტიის (ყოფილი მმართველი პარტია) “ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის” თავმჯდომარე ფრიდრიხ მერცი, რომელიც ლამის უკრაინის მზეს ფიცულობს და რუსეთის წინააღმდეგ გერმანელების გაქეზებაში მონაწილეობს, უკმაყოფილოა უკრაინელების “სოციალური ტურიზმით” (მისივე ტერმინი).

ბატონი ფრიდრიხი მიიჩნევს:

“ჩვენ მომსწრენი ვართ ამ ლტოლვილების სოციალური ტურიზმისა – გერმანიაში, უკან უკრაინაში, შემდეგ ისევ გერმანიაში, ისევ უკან, უკრაინაში” – განუცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა „Bild TV“-ს ინტერვიუში.

მერცი მიიჩნევს, რომ მათი დიდი ნაწილი, ვინც უკრაინიდან გამოიქცა, “ჩვენს სისტემას იყენებს… აქ გვაქვს პრობლემა, რომელიც იზრდება. გაზაფხულზე ჩვენ ვაფრთხილებდით მთავრობას აღნიშნული პრობლემის შესახებ, მაგრამ მთავრობამ წაგვიყრუა” – აღნიშნა მან.

მერცის განცხადება გაისმა გერმანიაში ყოველდღიურად სულ უფრო მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, რომელიც რუსეთიდან ბუნებრივი აირის მოწოდების შეწყვეტით არის განპირობებული. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, გერმანიაში დაახლოებით 1,1 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი გაჩნდა.