ენტონი ბლინკენი – უკრაინას აქვს აბსოლუტური უფლება, დაიცვას თავი საკუთარ ტერიტორიაზე, დაიბრუნოს ტერიტორიები, რომლებიც უკანონოდ იყო მიტაცებული რუსეთის მიერ, გავაგრძელებთ უკრაინელების მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ წინააღმდეგი არ არის, რომ უკრაინამ დასავლეთის მიერ მიწოდებული შეიარაღება იმ ტერიტორიების დასაბრუნებლად გამოიყენოს, სადაც უკანონო რეფერენდუმები ჩატარდა. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„ჩვენ და მრავალი სხვა ქვეყანა ძალიან მკაფიო ვიყავით, ჩვენ არ ვაღიარებთ და არასდროს ვცნობთ უკრაინის ტერიტორიების რუსეთის მიერ ანექსიას. უკრაინას აქვს აბსოლუტური უფლება, დაიცვას თავი საკუთარ ტერიტორიაზე, კერძოდ, დაიბრუნოს ტერიტორიები, რომლებიც უკანონოდ იყო მიტაცებული რუსეთის მიერ ამა თუ იმ საშუალებით“, – განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, შეიარაღება, რომელიც უკრაინას გადაეცა, ეფექტურად იყო გამოყენებული ტერიტორიების დასაბრუნებლად, ჩრდილო-აღმოსავლეთითა და სამხრეთით.

ბლინკენი ასევე აღნიშნავს, რომ ყალბი რეფერენდუმები არაფერს ცვლის.

„უკრაინელები განაგრძობენ იმის კეთებას, რაც აუცილებელია, რათა დაიბრუნონ მიწა, რომელიც მათ წაართვეს. ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში“, – განაცხადა ბლინკენმა.