საპატრიარქოში ჩემი თვალით მაქვს ნანახი რუკა, სადაც ივერი მელაშვილი აწერს ხელს, რომ საზღვრის გავლების სადაო საკითხზე არის მსჯელობა, რატომ მოხდა ეს, სწორედ ამას ედავება გამოძიება, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღეს სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე დაიკითხა და მას კითხვები დაუსვეს, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ნინო კალანდაძის განცხადების შემდეგ საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ შეფასებაზე.
„ვიმყოფებოდი სხდომათა დარბაზში ქალბატონი ნინო კალანდაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რა იყო ამ განცხადების გაკეთების მიზეზი და რატომ ჰქონდა ეკლესიას მძაფრი რეაქცია. ქალბატონ ნინო კალანდაძის განცხადებას თუ ნახავთ, საუბრობს იმის თაობაზე, რომ დავით გარეჯის ის კონკრეტული ლოკაციები, რომლებიც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, საქართველოს არ ეკუთვნის. ეს გახდა რა თქმა უნდა, ჩვენი მძაფრი რეაქციის საფუძველი. ეს იყო საპატრიარქოს პოზიცია, რადგან მე წარმოვადგენდი საქართველოს საპატრიარქოს, მაშინაც და ახლაც“, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.
მანვე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას სხდომათა დარბაზში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნა, რომ სააკაშვილის განცხადებაში იყო ისეთი ტექსტი, რომ სიმაღლეები, რომელიც მდებარეობს ქედზე, ეს აზერბაიჯანისთვის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს და ამიტომაც, მოხდება შეთანხმება ისე, რომ ეს სტრატეგიული სიმაღლეები გადაეცემა აზერბაიჯანულ მხარეს.
„სტრატეგიული სიმაღლეების ქვემოთ, ამის ჩამოყოლებაზე მდებარეობს ზუსტად ჩიჩხიტური და კელიები. რანაირად უნდა მომხდარიყო ამ ნაწილის ამოღება, რაღაც ნაწილს ვაძლევდით, რაღაც ნაწილი გვრჩებოდა. ამიტომ ვთქვი, ორაზროვანი იყო და ვერ გავიგეთ ამ განცხადების ზუსტი ტექსტი. ივერი მელაშვილს საერთოდ არ ვიცნობ და წარმოდგენა არ მაქვს. მათ ბრალეულობას ვხედავ იმაში, რაც დღევანდელ მოცემულობაში გვაქვს. ეს არის 2006 წელს მოწერილი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც საზღვარი არის გარეჯის მონასტრის მიმდებარედ, რაც ჩვენთვის მტკივნეულია, საზღვარი ისე უნდა გადიოდეს, რომ ქართული ძეგლები საქართველოს იურისდიქციაში იყოს, ეს საკითხი დატოვებულია ღიად. იქ პრობლემები გაჩნდა 2005-2006 წლის შემდეგ. ამის შემდეგ იძაბება პერმანენტულად, ხან უფრო შემცირდება ეს დაპირისპირება, ხან უფრო გაიზრდება. ფაქტობრივად აზერბაიჯანელი მესაზღვრეების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული ქართველი მომლოცველები ავლენ იქ, თუ ვერ ავლენ. ეს რეალობა რა თქმა უნდა, ვერ შენარჩუნდებოდა, ეს აუცილებლად უნდა გადაწყვეტილიყო სამართლებრივად და უნდა მომხდარიყო იქ საზღვრის დადგენა, რასაც ახლა ბრალდების მხარე ედავება, ამ საკითხებზე მიდის ზუსტად მსჯელობა. იქ თვითონ საზღვარიც არასწორად არის გავლებული, ის, რაც დადგენილია, ეგეც არასწორადაა გავლებული, რადგან წინა მოლაპარაკებების დროს, სხვანაირად უნდა დამდგარიყო საზღვრის დადგენის გადაწყვეტილება. ვგულისხმობ, 1996 წლის მოლაპარაკებების შედეგად, საზღვარს უნდა გაევლო ბევრად იქით, ვიდრე დღეს არის. სწორედ, აქ გვაქვს შეკითხვები და ამაზე უფრო მეტი კომპეტენციის მქონე ადამიანები ისაუბრებენ, რა გახდა მიზეზი იმისა, რომ 1996 წელს საზღვარი სხვანაირად იყო მონიშნული, სხვანაირად უნდა გაევლო იქ საზღვარს, ბევრად უფრო იქით და არანაირი სადაო საკითხები არ რჩებოდა სადაო ძეგლებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს უშუალოდ საზღვარზეა. რატომ შეიცვალა 2006 წელს ეს, რატომ გადმოიწია საზღვარმა აქეთ და ჩაატარეს პირდაპირ თხემზე, რაც რა თქმა უნდა, საფრთხეს უქმნის ქართულ ძეგლებს. გამოძიებაც სწორედ ამას ედავება, რომ მათი მონაწილეობით არის სწორედ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა გაკეთებული, ამაზე მიდის აქ მსჯელობა. ეს ხელმოწერა ნანახი მაქვს, იქ ათასი რუკა აქვთ, ნამდვილად ვერ დავაკონკრეტებ, რომელი რუკა იყო, ყოველ შემთხვევაში, ჩემი თვალით მაქვს საპატრიარქოში რუკა ნანახი, სადაც ივერი მელაშვილი აწერს ქართველი მხარის სახელით ხელს, რომ იქ საზღვრის გავლების ამ სადაო საკითხზე არის მსჯელობა. რატომ მოხდა ასე, ამას ედავება ბრალდების მხარეც. ბატონმა ივერიმ და ქალბატონმა ნატალიამ უნდა გასცენ პასუხი, ეს მათი ნება და მათი გადასაწყვეტი იყო ამის ასე დაფიქსირება, იქ ხელმოწერის გაკეთება, თუ, ამას ვინმე კარნახობდა და ვინმეს იძულება იყო ამაზე“, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.