ხაინდრავა კობახიძის იდეოლოგიური მამაა… “ოცნებას” ეიმედება რუსული ტანკი, როგორც საფრთხობელა, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“ნატო თავად არ აძლევს ქვეყნებს შეიარაღებას, მაგრამ მისი გენერალური მდივანი ქვეყნებს მოუწოდებს, რომ მაგალითად უკრაინად გადასცენ თანამედროვე შეიარაღება. გუშინ საქართველოში ჩამოსული იყო ნატოს წარმომადგენელი და რამდენჯერმე დასმული კითხვის პასუხად მივიღე, რომ საქართველოს არსად არ დაუყენებია მსგავსი საკითხი. ჯერ კიდევ აშშ-ში ვიზიტისას მქონდა განხილვები, მაგალითად ადამ კინზინგერი საჯაროდაც ამბობდა, რომ საქართველოსთვის ჰაიმარსების მიწოდება უნდა მომხდარიყო, მაგრამ ამაზე თავისი ქმედებით უარს ამბობს ქართული მხარე. “ქართულ ოცნებას”, რომელიც პრორუსული ძალაა, ეიმედება რუსული ტანკი, როგორც საფრთხობელა იმისთვის, რომ დააშინოს ქართველი ხალხი. მას ისეთივე მხდალი ჰგონია საქართველოს მოქალაქეები – კობახიძეებზე ვსაუბრობ და ხაინდრავეებზე. სხვათა შორის ხაინდრავა კობახიძის იდეოლოგიური მამაა, მიჯაჭვული და მიბარებულია მასზე. ამ ორს შორის დიდი სხვაობა არ არის. ეს ყველაფერი ერთი საერთო ხელით მართულია,” – თქვა ვაშაძემ.
მისი თქმით, პარლამენტსა და მთავრობაში 15 ადამიანია, ვინც რუსეთის სასარგებლოდ აგენტურულად მოქმედებს.
“მე ვიტოვებ უფლებას, რომ წყარო არ დავასახელო, საიდანაც მივიღე ინფორმაცია. ამის გამჟღავნების დროც დადგება. 15 ადამიანიდან 5 დავასახელე, ეს არის კობახიძე და მისი ოთხეული,” – თქვა ვაშაძემ.