აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საპასუხოდ.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, სანქციების სამიზნე რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი გახდა. კერძოდ, ორი საერთაშორისო მიმწოდებელი კომპანია, რუსეთის ფინანსური ინსტიტუტების სამი ლიდერი, მათ შორის, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა. „შავ სიაში“ მოხვდნენ რუსი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები, მათ შორის სერგეი შოიგუს, დმიტრი მედვედევის, მიხაილ მიშუსტინის, ვალენტინა მატვიენკოს ოჯახები, ასევე რუსეთის 278 კანონმდებელი.
„ჩვენ არ ვიდგებით განზე, ვიდრე პუტინი თაღლითურად ცდილობს უკრაინის ნაწილების ანექსიას. სახაზინო დეპარტამენტი და აშშ-ის მთავრობა მიმართავენ მტკიცე ზომებს, რათა კიდევ უფრო შეასუსტონ რუსეთის ისედაც დეგრადირებული სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსი და ძირი გამოუთხარონ მის შესაძლებლობას, აწარმოოს თავისი უკანონო ომი“, – განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა ჯანეტ იელენმა.
იელენის თქმით, აშშ და მისი მოკავშირეები არ იყოყმანებენ, მიიღონ მკაცრი ზომები რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ მყოფი პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებსაც კავშირი აქვთ ამ ომთან და ამ ყალბ „რეფერენდუმებთან“.