პარტია „ლელოში“ რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ ინიციატივა შეიმუშავეს, რომელსაც პარლამენტში მომავალ კვირაში დაარეგისტრირებენ.
როგორც „ლელოში“ აცხადებენ, მათი ინიციატივა გულისხმობს, რომ რუსეთის მოქალაქეებზე გავრცელდეს ერთთვიანი ტურისტული ვიზა, დანარჩენი ტიპის ვიზები კი ისეთი, როგორც სხვა ქვეყნებთან აქვს საქართველოს.
რაც შეეხება მათ, ვისაც საქართველოში ნათესავი ჰყავს, ან ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ან ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა და დაკარგა, „ლელოს“ ინიციატივით, სავიზო რეჟიმი არ შეეხება.
ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინიციატივის დღის წესრიგში დაყენება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საქართველოში რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობა გაიზრდა.
„კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგს: წესდება სპეციალური, განსაკუთრებული რეჟიმი რუსეთის ფედერაციის, როგორც სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს მოქალაქეების საქართველოში შემოსვლისთვის. სპეციალური რეჟიმი გულისხმობს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას. სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე მაქსიმუმ 30-დღიანი ერთჯერადი ტურისტული ვიზების გაცემას. პირები, რომლებიც წერილობით არ დაადასტურებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის ფაქტს, არ იქნებიან დაშვებული საქართველოს ტერიტორიაზე. ეს კანონი სპეციალურ რეჟიმს აწესებს რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ ოკუპანტ სახელმწიფოს და ამიტომ განსაკუთრებული რეჟიმი არის სრულიად გამართლებული და აუცილებელი. პრობლემები არ შეექმნებათ საქართველოში შემოსვლაზე საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს, ვისაც შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ. უვიზოდ შემოვლენ პირები, ვისაც ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა, გავიდა მოქალაქეობიდან ან დაკარგა. ესაა 90-99% იმ ადამიანების, ვინც საქართველოში ცხოვრობდნენ და ახლა რუსეთში ცხოვრობენ და აგრეთვე იმ პირებს, რომელთა საქართველოს მოქალაქე ნათესავები ცხოვრობენ საქართველოში. რუსეთის მოქალაქემ, რომელიც საქართველოში შემოდის, უნდა იცოდეს, სად შემოდის და საიდან მოდის. შეუძლია იყოს საქართველოში, მაგრამ იყოს ამ პირობების დაცვით“, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა.