ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ქვეყნის მოქმედი ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტს, ვიქტორ ბაბარიკოს ბრალი ფულის გათეთრების, გადასახადების დამალვისა და ქრთამის მიცემის მუხლებით წაუყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
საპრეზიდენტო კანდიდატის შვილს, ედუარდ ბაბარიკოს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების დამალვას ედავება. ბაბარიკო და მისი შვილი ბრალს არ აღიარებენ.
ვიქტორ ბაბარიკო და მისი ვაჟი ედუარდი 18 ივნისს დააკავეს. საქმე „ბელგაზპრომბანკის“ მიერ გადასახდებისგან თავის არიდებას ეხება. ბაბარიკო ბანკს 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და თანამდებობა მაისში დატოვა, რათა საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართულიყო. საქმე ბანკის მიმართ სწორედ ამის შემდეგ აღიძრა.
საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართება. ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს, კენჭს კიდევ ერთი ვადით იყრის. არაოფიციალური მონაცემებით, ვიქტორ ბაბარიკოს მხარს მოსახლეობის ნახევარი უჭერს.
“იმედი”