ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან ოთხივე შემოტანილია.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ინფექციურში ამჟამად 23 პაციენტი მკურნალობს, მათგან არც ერთის მდგომარეობა არ არის მძიმე.
„დაემატა 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 4-ით გაიზარდა, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 107 პაციენტი მკურნალობს. ეს 4 ახალი შემთხვევა, ყველა არის შემოტანილი შემთხვევა, არც ერთი არ არის შიდა გადაცემით გავრცელებული. 2 გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 2 კი – სხვა ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქე.
ჩვენს ცენტრში კვლავ 23 დადასტურებული შემთხვევაა, დაგვემატა 1 ახალი პაციენტი, 1 გამოჯანმრთელდა. ეს ახალი პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა და ვირუსი საკარანტინო სივრცეში დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა არ არის მძიმე, საშუალო სიმძიმისაა. ყველა პაციენტი, რომელიც ამჟამად ჩვენს ცენტრში მკურნალობს, მათი მდგომარეობა არ შეცვლილა, სიმძიმის შეფასებით საშუალო და მსუბუქი სიმძიმის არიან”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
“ინტერპრესნიუსი”