არც ერთი მოწმე მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობას არ ადასტურებს

მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ათეულობით მოწმე დაიკითხა, თუმცა ბრალდების არცერთი მოწმე მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობას არ ადასტურებს.

მისი თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხრიდან წარმოდგენილ მოწმეებს პოლიციაში განვითარებულ გარემოებებთან შემხებლობა არ ჰქონიათ, შესაბამისად, მათი ჩვენებები,ფაქტობრივად არაფრის მთქმელია.

“დღემდე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ათეულობით მოწმე დაიკითხა, თუმცა ბრალდების არცერთი მოწმე მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობას არ ადასტურებს. ბრალდების სახელმძღვანელოდ ერთადერთი დედის პოზიცია რჩება,თუმცა, ზოგადად, სამართლიანი გადაწყვეტილებისათვის მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს წინაპირობა. დღევანდელ დღეს დაკითხულები ირიბი მოწმეები არიან, რომლებსაც პოლიციაში განვითარებულ გარემოებებთან შემხებლობა არ ჰქონიათ, შესაბამისად, მათი ჩვენებები, ფაქტობრივად არაფრის მთქმელია. ასე, რომ გამოკვლეულ მტკიცებულებებში მარიანა ჩოლიანის ბრალეულობა არ იკვეთება, იმიტომ, რომ მის მიერ დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილი არ ყოფილა”,- განაცხადა მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა.

საქმის პროკურორის, ლევან ქუთათელაძის განცხადებით კი, მოწმეები პოლიციაში მყოფი პირების ჩვენებებიდან და მონაყოლოდან გამომდინარე ადასტურებენ, რომ ბრალდებულ მარიანა ჩოლოანის მიერ ადგილი ჰქონდა ჩვენების მიცემის იძულებას, იმისათვის რათა არასრულწლოვან ლუკა სირაძეს დაეფიქსირებინა და ეღიარებინა, რომ “მწვანე სკოლა“ მან მოხატა.

„თბილისის საქალაქო სასამართლოში მარიანა ჩოლოიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება. დღეს სხდომაზე ბრალდების მხარემ წარვადგინეთ მოწმეები, რომლებიც მითითებულნი არიან დასაკითხ პირთა სიაში და რომელთაც ინფორმაცია მიაწოდეს მარიანა ჩოლოიანის ბრალდების სიხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ეს მოწმეები უშუალოდ პოლიციაში განხორციელებული ფსიქოლოგიური ზემოქმედების დროს პოლიციის განყოფილებაში არ იმყოფებოდნენ, თუმცა არიან ირიბი მოწმეები, რომელთაც უშუალოდ იქ მყოფმა პირებმა გარკვეული სახის ინფორმაცია მიაწოდეს. მოწმეები პოლიციაში მყოფი პირების ჩვენებებიდან და მონაყოლოდან გამომდინარე ადასტურებენ, რომ ბრალდებულ მარიანა ჩოლოიანის მიერ ადგილი ჰქონდა ჩვენების მიცემის იძულებას, იმისათვის რათა არასრულწლოვან ლუკა სირაძეს 2019 წლის 10 დეკემბერს დაეფიქსირებინა და ეღიარებინა, რომ “მწვანე სკოლა“ მან მოხატა”,- განაცხადა ლევან ქუთათელაძემ.

 

“ინტერპრესნიუსი”