ილია დარჩიაშვილი – ყოველთვის მზად ვართ, საქართველო იყოს ადგილი, სადაც ჩვენი სამხრეთელი მეზობლები შეძლებენ მშვიდ და წყნარ დიალოგს, რათა ჩვენს რეგიონში დამყარდეს მშვიდობა.
საქართველოსთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი არის ის, რომ ჩვენს რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება იყოს გარანტირებული. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ცდილობდა, რომ შეესრულებინა შუამავლის როლი ჩვენს სამხრეთელ მეგობრებთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, ეს პროცესი გაგრძელდება.
„ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრის აქტიური მონაწილეობით მოხერხდა კონკრეტული ხელშესახები შედეგების მიღება შარშან, გაგრძელდა ეს პროცესი, რამდენიმე თვის წინ ჩვენ ორ საგარეო საქმეთა მინისტრს ვუმასპინძლეთ საქართველოში, ესეც ამის მაგალითია, რომ ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ნდობა ჩვენი მეგობრების და მომავალშიც ყოველთვის მზად ვართ, რომ საქართველო, თბილისი იყოს ადგილი, სადაც ჩვენი სამხრეთელი მეზობლები შეძლებენ მშვიდ და წყნარ დიალოგს იმისთვის, რომ მათ კონკრეტული შედეგი მიიღონ ამ მოლაპარაკებებიდან და ჩვენს რეგიონში დამყარდეს მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ ამ პროცესში არანაირი წინაპირობები არ გვაქვს, ერთადერთი შეთავაზება, რაც ჩვენი მეზობლების მისამართით გავაკეთეთ და ეს ძალაშია დღესაც და ყოველთვის, ნებისმიერ დროს, მათთვის სასურველ დროსა და სივრცეში, ჩვენს ქვეყანაში მზად ვართ, რომ ვუმასპინძლოთ ჩვენს მეზობლებს და დავეხმაროთ, თუ კი ამის საჭიროება იქნება, გააძლიერონ დიალოგი და გააღრმაონ ეს პროცესი იმისთვის, რომ მივაღწიოთ მშვიდობას რეგიონში” – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
წყარო: 1tv.ge