ახალი სატელევიზიო სეზონი “ვანოს შოუს” შემოქმედებითმა გუნდმა “ტვ პირველზე“ დაიწყო. თუმცა მანამდე იყო „მთავარი არხის“ დატოვება, რაზეც იუმორისტები საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა.
საჯარო პოსტი გამოაქვეყნა „მთავარმა არხმაც,“ რაზეც ვანო ჯავახიშვილმა პირადად უპასუხა… ციაკო ფიფია იუმორისტების გუნდის ერთ-ერთი წევრია, ის ჟურნალ “გზასთან” არხის დატოვების მიზეზებზე საუბრობს და გულნატკენია, რომ ამის გამო, ადამიანების ნაწილმა მათ მიმართ კრიტიკული კომენტარები არ დაიშურეს.
“მთავარზე” სამი თვის განმავლობაში (აპრილი, მაისი, ივნისი) სრულიად უხელფასოდ ვიმუშავეთ. ელემენტარულად მგზავრობის ფული გინდა ადამიანს. იმ ადგილას არც მეტრო იყო, არც ავტობუსი და არც „მარშუტკა“ მიდიოდა. ან ფეხით უნდა მისულიყავი და ან ტაქსით, ანუ ორივე შემთხვევაში ვზარალდებოდით. მიუხედავად ყველაფრისა, ხმას არ ვიღებდით, ვმუშაობდით და გადაცემები ეთერში გადიოდა. ეს ისევ ვანოს დამსახურებით ხდებოდა. ერთიანობა შევინარჩუნეთ. მხარში დგომაც ვიცით, ყველაფერი გვესმის, მაგრამ ჩვენს უკან ჩვენი ოჯახები და შვილები დგანან. ასევე ბანკის წინაშე აღებული ვალდებულებები. როცა ადამიანებს პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, ვმუშაობთ, ვშრომობთ, იქ ხელფასიც უნდა იყოს. როცა ხელფასი არ იყო, წლების განმავლობაში არხს გვერდით ვედექით.
ისე არ ყოფილა, რომ ზუსტად გვცოდნოდა, ხელფასი როდის ჩაგვერიცხებოდა, – „წიაწიად“ გვერიცხებოდა. ამ არხზე გული ძალიან დამწყდა და იქაურობა საკუთარი გადაწყვეტილებით არ დაგვიტოვებია. უბრალოდ გვითხრეს, რომ დაიხურებოდა „შაბათის შოუ,“ „მთავარი გოგოები,“ „მთავარი ბიჭები“ და მხოლოდ „ვანოს შოუ“ გავიდოდა, მინიმალური ადამიანების მონაწილეობით. ვანომ ეს არ გააკეთა, თავისი გუნდი ვერ გაწირა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მაყურებელმა, ხალხმა უნდა დაინახოს. მართლა ჯვარს გვაცვეს, როცა გაიგეს სხვაგან გადავედით. თან ეგონათ, რომ იმიტომ გადავედით ფინანსური თვალსაზრისით, რაღაც უკეთესი შემოგვთავაზეს. ჩვენ სხვა ტელევიზიაში იმიტომ გადავედით, რომ ყველანი აბსოლუტურად უსახსროდ დავრჩით. ჩვენი გუნდი ვანომ შეინარჩუნა…
როცა სამი თვე უხელფასოდ ვიმუშავეთ, ხმა არ ამოგვიღია, მაშინ კარგი ადამიანები ვიყავით, ახლა ცუდები ვართ? გული მწყდება” – უთხრა ჟურნალ “გზას” მსახიობმა.