თბილისის საქალაქო სასამართლომ წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი, რომელსაც გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება და ამავე საქმეზე დაკავებული ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა, რომელსაც ქრთამის აღებაში დახმარება ედება ბრალად, დამნაშავედ ცნო.
როგორც პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა განაცხადა, გრიგოლ ივანეიშვილს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო თეიმურაზ ჩოჩუას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა განესაზღვრა, 4 წელი კი პირობითი.
“სასამართლოს მიერ სრულად იქნა გაზიარებული ბრალდების მხარის პოზიცია და ორივე ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ იმ კვალიფიკაციით, რასაც ითხოვდა ბრალდების მხარე. თეიმურაზ ჩოჩუა ცნობილ იქნა დამნაშავედ ქრთამის აღებასა და დახმარებაში. მას გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახით განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა საპატიმრო დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი განესაზღვრა პირობით. ასევე განესაზღვრა ჯარიმა და ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. რაც შეეხება გრიგოლ ივანიაშვილს, ის ასევე ცნობილი იქნა დამნაშავედ დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში და სასჯელის სახედ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, მას 2 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება”, – განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-მა 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 იანვარს ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავა. ორივე დაკავებულს ბრალი სუს-ში 26 იანვარს წარედგინა.
გამოძიების ინფორმაციით, თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს,გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული. გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს აღნიშნული შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. თავის მხრივ, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დახმარება გაუწია თანხის გადახდის გარანტად, უცხოელი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანიის 16%-იან წილის ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის საკუთრებაში გადაცემასა და 250 000 ლარის ქრთამის სახით აღებაში.