ამირან გამყრელიძე: არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა

არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი.

„აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით – მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი.

„ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად გამოიკვლევენ.

“იმედი”