აუცილებელია, სანქციებით დაიბლოკოს რუსეთის ენერგეტიკული სექტორი, დავანგრიოთ რუსეთის შემოსავლების სტაბილურობა ნავთობითა და გაზით ვაჭრობიდან, – უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ უყრაინის პრეზიდენტმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერების დღეს გამართულ საგანგებო ვიდეო-შეხვედრაზე განაცხადა.
„დიდი შვიდეულის“ და მთელი ჩვენი დემოკრატიული სამყაროს დონეზე უნდა ვუპასუხოთ სიმეტრიულად: როდესაც რუსეთი თავს ესხმის ენერგეტიკულ სექტორს და ჩვენი ქვეყნების ენერგეტიკულ სტაბილურობას, აუცილებელია, სანქციებით დაიბლოკოს მისი ენერგეტიკული სექტორი, დავანგრიოთ რუსეთის შემოსავლების სტაბილურობა ნავთობით და გაზით ვაჭრობიდან. რუსეთის ნავთობის და გაზის ექსპორტზე საჭიროა მკაცრი ფასის ზედა ზღვარის დაწესება – ნულოვანი მოგება ტერორისტი სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა უყრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერზელენსკიმ.
მისი თქმით, სწორედ ასეთ ნაბიჯებს შეუძლია მშვიდობის მოახლოება, რადგან აიძულებს ტერორისტ სახელმწიფოს, იფიქროს მშვიდობასა და ომის უსარგებლობაზე.
„აუცილებელია, ასევე ვაღიაროთ აშკარა ფაქტი – ამ მომავლის არმქონე რუსეთის ხელმძღვანელთან არ შეიძლება, გაიმართოს დიალოგი. საუბარი შეიძლება, შედგეს რუსეთის სხვა ხელმძღვანელთან, რომელიც აღიარებს გაერო-ს წესდებას, ადამიანურობის ძირითად პრინციპებს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობას ან სხვა კონფიგურაციაში ისე, რომ მთავარ ტერორისტს არ ჰქონდა საშუალება, ტერორის წყალობით, გავლენა მოახდინოს საკვანძო გადაწყვეტილებებზე. ახლა ერთი ადამიანი ბლოკავს მსოფლიოს და ეს ადამიანი მოსკოვშია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.