საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ზალკალიანის თქმით, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები თავისი შინაარსითა და ხასიათით გამორჩეულია. როგორც მან აღნიშნა, ის მოხარულია, რომ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკას შორის უმაღლეს ნიშნულზეა.
„ვულოცავ ამერიკის შეერთებულ შტატებს – ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს დამოუკიდებლობის დღეს! საქართველო-ამერიკის ურთიერთობები თავისი შინაარსითა და ხასიათით გამორჩეულია, მოყოლებული ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ამერიკა, როგორც მეგობარი და სტრატეგიული მოკავშირე, როგორც მთელს მსოფლიოში თავისუფლების დამცველი, ჩვენთან ერთად დგას საქართველოს უსაფრთხოების, განვითარების და კეთილდღეობის სადარაჯოზე.
მოხარული ვარ, რომ დღეს ეს სტრატეგიული პარტნიორობა, ისე როგორც არასდროს, უმაღლეს ნიშნულზეა და ხელშესახები შედეგები გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ყველა ძირითად მიმართულებაზე – თავდაცვა და უსაფრთხოება, დემოკრატია და მმართველობა, ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა, ხალხთაშორისი კავშირები და კულტურული გაცვლები.
როგორც სტრატეგიულ პარტნიორს და სანდო მოკავშირეს ჩვენ გვაქვს აშშ-ს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა, რაც აისახა კიდეც თავისი შინაარსითა და თვისობრიობით უპრეცედენტო ხასიათის დოკუმენტში „საქართველოს მხარდამჭერ აქტში“.
აშშ-ს უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ დაამტკიცა რომ უსაფრთხოების სფეროში აშშ-ს სანდო პარტნიორი და ძლიერი მოკავშირეა. ამერიკელი და ქართველი სამხედროები მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთის მისიაში გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ფასდაუდებელია მათი წვლილი და როლი ორ ქვეყანას შორის მეგობრობის განმტკიცებაში.
არ შეიძლება არ აღვნიშნო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის განსაკუთრებული ყურადღება ქართველი ახალგაზრდებისადმი და ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რასაც სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების სახით ამერიკა იჩენს ჩვენი მომავალი თაობისადმი. ჩვენ ყველამ ვიხილეთ, თუ რა სასიკეთო შედეგების მოტანა შეუძლია ჯანდაცვის სფეროში წლების განმავლობაში წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობას, მათ შორის გლობალურ პანდემიასთან გამკლავების კუთხით.
მჯერა და მწამს – მტკიცე ფუნდამენტით გამყარებული, მომავალის ენერგიით სავსე ეს მეგობრობა და პარტნიორობა ურყევია!“, – აღნიშნა ზალკალიანმა.
“იმედინიუსი”