კახა კალაძე: დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება მწვანე სივრცეები, სუფთა ჰაერი და დავიწყეთ ერთ-ერთი უმსხვილესი სარეკრეაციო სივრცის ვაკის პარკის აღდგენა

ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, დღეს ყველაზე მეტად ქალაქს სჭირდება მწვანე სივრცეები, სუფთა ჰაერი და ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწრორება.

“ვაკის პარკში, აღდგენითი სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა. სამწუხაროდ, წლების წინ იყო დამოკიდებულება, წინა ხელისუფლების მხრიდან, რომ რეკრეაციული სივრცეები უნდა განადგურებულიყო. მაგალითად მათ ჰქონდათ მოსაზრება, რომ ვაკის პარკში უნდა აშენებულიყო 9 სართულიანი კოპუსი, კუს ტბის ასახვევში _ სასტუმრო. მზიურის დიდი ტერიტრია გასხვისებული იყო, იმისთვის, რომ გარკვეული მშენებლობები განხორციელებულიყო და ასე შემდეგ. ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება არის ის, რომ დავიბრუნოთ ეს სივრცეები, დავუბრუნოთ ქალაქს, ხალხს და ჩავუტაროთ რეაბილიტაცია, მოვაწესრიგოთ, განვაახლოთ და რა თქმა უნდა, ამ სივრცეებით უნდა ისარგებლოს ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობამ. დღეს ყველაზე მეტად ქალაქს სჭირდება მწვანე სივრცეები, სუფთა ჰაერი და ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწრორება და ვაკის პარკი, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი სარეკრეაციო სივრცეა დედაქალქში, დავიწყეთ მისი აღდგენა, რომელიც რამოდენიმე ეტაპად იყო დაყოფილი. ვაკის პარკის აღდგენის პროექტი გასულ წელს დავიწყეთ. გვინდა, რომ ეს რეკრეაციული სივრცე, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქალაქისთვის, მთლიანად მოწესრიგდეს. სამუშაოების პირველ ეტაპზე, გამწვანების სამუშაოები ჩატარდა, მოეწყო დასასვენებელი სივრცეები და საბავშვო ატრაქციონები. პარკს დაემატა ახალი ზონები, რომლებიც ასევე მოწესრიგდა. სამუშაოების მეორე ეტაპი იყო მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია, რომელიც დასრულდა და ულამაზესი გამოვიდა.ძალიან მიხარია, როგორც დედაქალაქის მერს და ამ ქალაქში მცხოვრებს, რომ ვაკის პარკი იბრუნებს თავის სილამაზეს და ცოცხლდება. დარწმუნებული ვარ, როდესაც სამუშაოები მთლიანად დასრულდება და ძირითადი კასკადის რეაბილატიაც მოხდება, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი თავშეყრის, დასვენებისა და განტვირთვისთვის. გარდა ამისა, რადგან ამ სივრცით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბავშვებისთვის სპეციალური ზონა დავამატოთ, სადაც დამატებით ახალი ატრაქციონები მოეწყობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.