რუსეთში აცხადებენ, რომ უკრაინის ნატო-ში მიღებამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს, რაც ალიანსშიც ესმით.
უკრაინის ნატო-ში მიღებამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს, რაც ალიანსში ესმით. ამის შესახებ სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ალექსანდრ ვენედიქტოვმა განაცხადა.
მან უკრაინის მიერ ნატო-ში დაჩქარებული გაწევრიანების განაცხადის შეტანას „პროპაგანდისტული სვლა“ უწოდა.
– “კიევს შესანიშნავად ესმის, რომ ასეთი ნაბიჯი ნიშნავს გარანტირებულ ესკალაციას მესამე მსოფლიო ომამდე. როგორც ჩანს, გათვლაც ამაზეა – შეიქმნას საინფორმაციო ხმაური და მოხდეს კვლავ ყურადღების მიქცევა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მოწყვეტილია რეალობას კიევის რეჟიმის მრავალი წარმომადგენელი, არ გამიკვირდება, თუ ვინმე იქ მართლაც იმედოვნებს მათი ქვეყნის ნატო-ში მიღებას“, – განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ.
ვენედიქტოვის განცხადებით, დასავლური ქვეყნების რეალური ქმედებები მეტყველებს იმაზე, რომ ისინი „კონფლიქტის უშუალო მხარეს“ წარმოადგენენ. როგორც მან აღნიშნა, ნატო-ში უკრაინის მიღება ამ მონაწილეობას ავტომატურად გადაიყვანს ახალ ხარისხში, რადგან ამოქმედდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების მეხუთე მუხლი. ვენედიქტოვის თქმით, ასეთ ქმედებებს ექნება სერიოზული შედეგები მთელი კაცობრიობისთვის.
– “ამ ნაბიჯის თვითმკვლელობითობა ესმით თავად ნატოელებს” – აღნიშნა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ.
– “ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთის პოზიცია უცვლელი რჩება: უკრაინის ნატო-ში ან აშშ-ის ეგიდით შექმნილი რამე სხვა ალიანსებში გაწევრიანება ჩვენთვის მიუღებელია” – განაცხადა ვენედიქტოვმა.
წყარო: 1tv.ge