“საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ ჩემი ჩვენება, რომელიც საქმის გამოსაძიებლად სჭირდება, არ აქვს. შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვიდე და პროკურატურას ჩვენება მივცე”,
– აცხადებს გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელმაც ბაქოს ციხე 2020 წლის მარტში დატოვა და ოჯახთან, გერმანიაში გაემგზავრა. მუხთარლის თქმით, საქართველოში ჩამოსვლას ოჯახთან ერთად გეგმავს.
“მე ძალიან მიყვარს საქართველო. ის ჩემი მეორე სამშობლოა”, – ამბობს ჟურნალისტი. მუხთარლი, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის რეჟიმის მიერ დევნილი ჟურნალისტი, რომელიც წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, 2017 წლის 29 მაისს, საღამოს საათებში, თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს. მას რამდენიმე მუხლით წარუდგინეს ბრალი. ბრალდებებს შორიბს იყო საზღვრის უკანონო კვეთა და 10 000 ევროს უკანონოდ გადატანა. მას 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მუხთარლი თავიდანვე აცხადებდა, რომ გაიტაცეს და ბრალდებები მოგონილი იყო. მუხთარლის დაკავებას საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში. მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებას სდებდა ბრალს გატაცების ხელშეწყობაში. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აზერბაიჯანის ხელისუფლებას მის გათავისუფლებას სთხოვდნენ.
წყარო: feedc.com