შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციის ნაწილს მოვუწოდებდი, საქმეს თუ არ აკეთებენ, გაფუჭებაში მაინც ნუ მიიღებენ მონაწილეობას, რადგან ისინი აფუჭებენ ქვეყნის ევროპულ მომავალს

ოპოზიციის ნაწილს მოვუწოდებდი, საქმეს თუ არ აკეთებენ, მის გაფუჭებაში მაინც ნუ მიიღებენ მონაწილეობას, რადგან ისინი აფუჭებენ ქვეყნის ევროპულ მომავალს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა, რომ ზაფხულში, ორი თვის განმავლობაში, ოპოზიციის ნაწილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ალიანსში მყოფი ორი პარტია როგორ ცდილობდა ყველანაირად დაეზიანებინა ინტეგრაციის პროცესი.

„ოპოზიცია ხედავს, რომ დასკვნით ფაზაშია გადასული რეკომენდაციებიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილებების მიღება. ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა, რომ ზაფხულში, ორი თვის განმავლობაში, ოპოზიციის ნაწილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ალიანსში მყოფი ორი პარტია როგორ ცდილობდა ყველანაირად დაეზიანებინა ინტეგრაციის პროცესი. ყველანაირად შეეცადნენ, დისკრედიტაცია მოეხდინათ საპარლამენტო პროცესის. ახლა დარწმუნდნენ, რომ ეს ვერ შეძლეს და ვხედავთ, რომ მცდელობაა სხვანაირი ახსნა მოუძებნონ ამა თუ იმ ქმედებებს. ქვეყნის ხელისუფლებაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ რეკომენდაციები შესრულდეს და ჩვენ ამ პასუხისმგებლობით ვმოქმედებდით და ვმოქმედებთ, რომ ეს რეკომენდაციები სათანადოდ შესრულდეს. ვხედავთ, რომ ოპოზიციის ამ ნაწილს არ სურთ, რომ ამ მხრივ თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის წინ წაწევაში, ვხედავთ, რომ პირიქით პროცესის დაზიანებას ცდილობენ. ოპოზიციის ამ ნაწილს მოვუწოდებდი, საქმეს თუ არ აკეთებენ, მის გაფუჭებაში მაინც ნუ მიიღებენ მონაწილეობას, რადგან ისინი აფუჭებენ ქვეყნის ევროპულ მომავალს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.