საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „მორიგ ფანტაზიას“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პატრიარქი დეკემბერში გადადგომას აპირებს.
„ვნახე სიუჟეტი, ტყუილებით სავსე სიუჟეტი იყო. შარშან ვთქვი ამის შესახებ, რომ პატრიარქს ჰქონდა მსგავსი რამ ნათქვამი გადადგომის შესახებ, მაგრამ არანაირი თარიღები, დღესთან დაკავშირებით ვადები და ის, რაც გუშინ „მთავარი არხის“ სიუჟეტში მოვისმინეთ, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის მორიგი ფანტაზია და ტყუილი, ტყუილი,ტყუილი“, – განუცხადა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს.
დასმულ კითხვაზე, რატომ აპირებდა პატრიარქი გადადგომას, ანდრია ჯაღმაიძემ განმარტა, რომ გადაწყვეტილება შესაძლოა, ყოფილიყო პატრიარქის ასაკიდან ან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
„ალბათ, თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ასაკიდან გამომდინარე. ვერ გეტყვით.
მაშინ, სიუჟეტში ვთქვი, რომ მღვდელმთავრები არიან ზოგადად წინააღმდეგი. მღვდელმთავრები პატრიარქისადმი მამა-შვილური გრძნობით არიან. ამიტომ, განწყობაც შესაბამისია, რომ პატრიარქმა გააგრძელოს თავისი მსახურება“, – განაცხადა დეკანოზმა.
მისივე თქმით, საპატრიარქოში პატრიარქის გადადგომის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
„დღის წესრიგში არც დამდგარა არასოდეს“, – თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.
როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ამბობს, დღეს აღნიშნულ საკითხს არ განიხილავს არც თავად პატრიარქი.
რაც შეეხება პროცედურას იმ შემთხვევაში, თუ პატრიარქი გადაწყვეტს გადადგომას, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საკითხი სინოდმა უნდა განიხილოს.
„პატრიარქი თუ გადაწყვეტს გადადგომას, ეს მან სინოდზე უნდა თქვას და სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, მიიღებს თუ არ მიიღებს მის განაცხადს“, – განაცხადა დეკანოზი.